თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა ჩარიცხვებისა და გრანტების განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
უწყების ინფორმაციით, იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ, უნდა შევიდეს ვებ-გვერდზე: online.naec.ge და შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს საკუთარ შედეგს, ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე.
გარდა ამისა, საბოლოო შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ – მობილური ტელეფონიდან მათ საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ცხრანიშნა ნომერი უნდა გაგზავნონ ნომერზე 93333.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, 2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 30 ათასამდე აბიტურიენტმა, შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი.
რაც შეეხება სახელმწიფო გრანტს, ის გადანაწილდა 6.500-ზე მეტ სტუდენტზე, ხოლო სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლას 4.200-ზე მეტი აბიტურიენტი განაგრძობს. ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1.330-ზე მეტი გამოსაცდელი.
წელს დამატებითი საგამოცდო სესიები დაინიშნა 600-ზე მეტი მონაწილისთვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს დანიშნულ დღეს საგამოცდო ცენტრში მისვლა. მათგან აბიტურიენტი იყო 200-ზე მეტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რომ რეგისტრაციის გასავლელად აუცილებლად უნდა მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.