თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ქაბულში მომხდარი აფეთქებებისას 1,3 ათასზე მეტი კაცი დაშავდა, იუწყება სააგენტო РИА Новости ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, ტერაქტების შედეგად დაშავდა 1338 ადამიანი, ხოლო 100 დაიღუპა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედროც, რომელთა სიკვდილი უკვე დაადასტურა პენტაგონმა.
გარდა ამისა, სააგენტო Reuters-ი, მოძრაობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ასევე დაღუპულები არიან „თალიბანის“ წევრებიც — სულ ცოტა 28 კაცი.
ქაბულის აეროპორტთან გუშინ ორი აფეთქება მოხდა — ერთი სასტუმრო Baron-ის სიახლოვეს, სადაც უცხოელები იკრიბებოდნენ, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები. მეორედ კი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. პირველი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რაზეც მოგვიანებით პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აშშ-ში კი მიაჩნიათ, რომ ამ შეტევების უკან „ვილაიათ ჰორასანი“ დგას.
მოგვიანებით ქაბულში კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამერიკელი სამხედროების თქმით, ეს მათ მიერ კონტროლირებადი აფეთქებები იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე გასცა ბრძანება, მომზადდეს შეტევა „ვილაიეთ ჰორასანის“ ლიდერებსა და ობიექტებზე. მისი თქმით, ტერაქტებში დამნაშავეები აუცილებლად მოიძებნებიან და დაისჯებიან.