თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის კენჭისყრის დღისთვის OSCE/ODIHR-ის (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი) 350 დამკვირვებელი ჩამოვა, განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ ჯონსონმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
„ჩვენი სადამკვირვებლო მისიის ძირითადი გუნდი შედგება 12 საერთაშორისო ექსპერტისგან. ძირითადი ჯგუფი იმყოფება თბილისში. ჩვენი დროებითი ოფისი იქნება აქ მომდევნო შვიდი კვირის განმავლობაში. 2 სექტემბერს ჩამოვა ასევე 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი. გრძელვადიანი დამკვირვებლები განაწილდებიან 15 ადგილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ გვყავდეს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათი როლი იქნება, რომ სისტემატურად დააკვირდნენ ხმის მიცემის, კენჭისყრის პროცედურებს და ასევე ხმის დათვლის პროცედურებს მთელ ქვეყანაში“, – განუცხადა ჯონსონმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მისია დააკვირდება წინასაარჩევნო კამპანიას, მის დაფინანსებას, მედიაგარემოსა და მედიაგაშუქებას, დაფარვას, ასევე იურიდიულ და სამართლებრივ ჩარჩოებს, დავების მოგვარების საკითხს.
მისიის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ ქვეყნის სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსან წარმომადგენლებთან, პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, და წინასაარჩევნო კამპანიას ამის შემდეგ შეაფასებენ. კენჭისყრის დღის შემდეგ დამკვირვებლები ასევე წარმოადგენენ თავიანთ ანგარიშს, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად სერიოზული დარღვევები მოხდა არჩევნებზე და აღიარებს თუ არა მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება.