თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოში Sinopharm-ის პირველი დოზით ვაქცინაცია შეიზღუდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანამ გასულ თვეში Sinopharm-ის 600.000 დოზა შეიძინა, რომელიც საკმარისია 300.000 ადამიანის ორჯერადად აცრისთვის. შესაბამისად, ქვეყანაში გადადებულია 300.000 დოზა, რომელითაც დღეიდან ის ადამიანები აიცრებიან, ვინც მეორე დოზა უნდა გაიკეთოს.
მისი ინფორმაციათ, ქვეყანა სულ მალე Sinopharm-ის დამატებით 100.000 დოზას მიიღებს.
„ვისაც პირველი აცრა უკვე აქვს დაჯავშნილი, ყველა აიცრება. მეორე აცრა ვისაც აქვს დაჯავშნილი, შეუძლია ჯავშნის გარეშე მოვიდეს და აიცრება მეორე დოზით. ჩვენ ვთავაზობთ – ვისაც ჩინური ვაქცინა უნდა, აიცრან Sinovac-ით, რომელსაც იგივე დამცველობითი უნარი აქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძეს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში Sinovac-ის 100.000-მდე დოზაა ხელმისაწვდომი.
„ასევე გვაქვს Pfizer-ი სერიოზული რაოდენობით, თვის ბოლოს ველოდებით კიდევ დაახლოებით 400.000 დოზა Pfizer-ს... ჩვენ სექტემბერს შევხვდებით სადღაც მილიონი დოზა Pfizer-ით. აქედან დაახლოებით 250-300 ათასი დოზა დაჯავშნილია მეორე და პირველი აცრებისთვის. ჩვენ სექტემბერში თავისუფლად შეგვიძლია დაახლოებით 350.000 ადამიანი ორჯერადად ავცრათ Pfizer-ით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დღემდე საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეეძლოთ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ. დღეიდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე დაჯავშნა შეჩერებულია მისი ახალი პარტიის მიღებამდე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 27 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.095.069 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 345.315 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 12.1%-ს შეადგენს.