თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშან გამოიცა დეტალური რეკომენდაციები, სხვა დანარჩენი დამოკიდებულია საარჩევნო პროცესში ამ რეკომენდაციების დაცვაზე, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გაბუნიას განმარტებით, შარშან გამოცემული რეკომენდაციები ითვალისწინებს წესებს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს შეხვედრები, ვის, რა პერიოდულობით უნდა ჩაუტარდეს ტესტირება, ვინ ექვემდებარება ვაქცინაციას და ა.შ.
„ჩვენ დღეს გვაქვს მოლოდინი, რომ გეგმური არჩევნების პირობებში, როდესაც ხალხი წესებს დაიცავს, არ იქნება სასიცოცხლო რისკი. წინასაარჩევნო კამპანია წესის დაცვით უნდა ჩატარდეს. ეს წესი არის მინიმალური და ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება ყველამ დაიცვას“, – აღნიშნა გაბუნიამ.
გაუარესებული ეპიდვითარების გამო არჩევნების ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. ოპოზიციის ნაწილიც აცხადებს, რომ არჩევნების პროცესმა შესაძლოა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება კიდევ უფრო დაამძიმოს.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მიიღო დადგენილებები, რომლებიც პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას ეხება.
საუბარია იმ სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებზე, რომელთა დაცვაც მოუწევთ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე. განისაზღვრა არჩევნებში მონაწილეობის წესი იზოლაციაში მყოფი და პენიტენციურ დაწესებულებებსა და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის. რეგულაციები და ქცევის წესები როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების, ისე საარჩევნო პროცესში ჩართული სხვა მხარეებისთვის არის განსაზღვრული.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.