მსოფლიო დღეს

რა შემთხვევაში აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა „თალიბანს“: ექსპერტის მოსაზრება

რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ ავღანეთში ალტერნატივა არ ჰყავს, განაცხადა რუსეთის ელჩმა ქაბულში დმიტრი ჟირნოვმა.
Sputnik
როგორ ააწყობს დიალოგს საერთაშორისო თანამეგობრობა ავღანეთის ახალ ადმინისტრაციასთან, შეძლებენ თუ არა ამერიკელები ახალი ბაზების განთავსებას ცენტრალური აზიის ქვეყნებში — ამის შესახებ საკუთარი პროგნოზები Sputnik-თან სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატმა, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტმა ევგენი ბუჟინსკიმ დააფიქსირა.

აშშ-ის ჩავარდნა

ნატოს ქვეყნებს, აშშ-ის მეთაურობით, 1 მაისიდან გამოჰყავთ ჯარები ავღანეთიდან. დასავლელმა სამხედროებმა ქვეყანა სრულად 2021 წლის 11 სექტემბრისთვის უნდა დატოვონ.
ევგენი ბუჟინსკის მიაჩნია, რომ აშშ-ის ჩავარდნა ავღანეთში დაგეგმილი იყო, რათა თალიბებს ვითარების დესტაბილიზაცია მოეხდინათ ცენტრალურ აზიაში, მერე კი რუსეთსაც გადაწვდომოდნენ. მისი აზრით, „ამერიკელებმა შეცდომა დაუშვეს“. მათ თავად უსამა ბენ ლადენის განადგურება და „თალიბანის“ დამარცხება კი შეძლეს, მაგრამ რესპუბლიკაში ვითარების დასტაბილურება ვერ მოახერხეს.
„ამოცანებში — ავღანეთის სტაბილიზაცია, შეიარაღებული ძალების მომზადება, სახელმწიფო მართვის სისტემის მომზადება — სრული ჩავარდნაა. მე საერთოდ არ მახსოვს რომელიმე ეროვნული შეიარაღებული ძალების ამერიკული მომზადების არცერთი წარმატებული გამოცდილება — არ ეხერხებათ მომზადება“, — ამბობს ექსპერტი.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რუსეთს უსმენს

მსოფლიო დღეს
სტოლტენბერგი: ქაბულის აეროპორტში რეალური ტერაქტის საფრთხე იზრდება
რუსეთს არ სურს იხილოს ამერიკელი სამხედროები ცენტრალურ აზიაში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, როდესაც ის თავის უნგრელ კოლეგას ხვდებოდა. ევგენი ბუჟინსის თქმით, შუა აზიაში — ყირგიზეთსა და უზბეკეთში ამერიკული ბაზების განთავსების ადრინდელ გამოცდილებას კარგი არაფერი მოუტანია.
ნატოს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა, რომელიც „მანასის“ საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ყირგიზეთიდან 2014 წელს გავიდა.
„ყირგიზეთში აშშ საკმაოდ ინტენსიურად იყენებდა ბაზას, გადამუშავებულ საწვავს ახლომდებარე სახლებზე ყრიდნენ — არც ისე კარგად იქცეოდნენ, მაგრამ ფულს იხდიდნენ“, — იხსენებს ბუჟინსკი.
ამერიკელებს სურდათ, რომ ავღანეთიდან გასვლისას თავისი ინფრასტრუქტურისა და შეიარაღების, სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი მეზობელ ქვეყნებში განეთავსებინათ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში იქიდან შეძლებოდათ ავღანეთის ტერიტორიაზე დარტყმების მიტანა, თუ რესპუბლიკაში ვითარება გაუარესდებოდა.
„ვფიქრობ, რომ არც ყირგიზეთს, არც უზბეკეთსა და არც ტაჯიკეთს ეს არ სჭირდებათ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები რუსეთს უგდებენ ყურს, რუსეთი კი ამერიკული ჯარების განთავსების წინააღმდეგია, იმიტომ რომ გარდა სიტუაციის გამწვავებისა, ამას კარგი არაფერი მოჰყვება“, — ამბობს გენერალ-ლეიტენანტი.

შესაძლებელია თუ არა თალიბებთან დიალოგი

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო არენაზე „თალიბანი“ შეიძლება აღიარონ.

„თალიბებს აქვთ უნარი, ორგანიზება მოახდინონ და მკაცრი ისლამური სახელმწიფო ააშენონ. თუ ისინი შიდა უთანხმოებებს გადალახავენ, შეძლებენ ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებას მასში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ჩართვით — ბუნებრივია, საკუთარი დომინირებით. მაშინ მსოფლიო აღიარება საკითხავი აღარც იქნება“, — მიაჩნია ბუჟინსკის.

მისი თქმით, თალიბებთან ქვეყნების შემდგომი დიალოგი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ჩაივლის შიდაავღანური დარეგულირების პროცესი.
ნაიმი: „თალიბანს“ ჩინეთთან და რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს
„თუ თალიბები ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდში შეძლებენ აჩვენონ, რომ მეზობლებთან და საკუთარ მოქალაქეებთან ცივილიზებული ურთიერთობის უნარი აქვთ — დაე, იყოს ეს ისლამური სახელმწიფო, საკმაოდ რადიკალური, მაგრამ ექსტრემიზმის გარეშე — მაშინ, ვფიქრობ, აღიარების პროცესი დაიწყება“, — ამბობს ექსპერტი.
მისი თქმით, როგორც კი „თალიბანის“ აღიარება მოხდება, მოძრაობას მაშინვე მოხსნიან ტერორისტული ორგანიზაციის დამღას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს