თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ხვალ, 26 აგვისტოს ორმხრივად აღდგება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ Facebook-ჩართვისას.
მიმდინარე წლის 15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში გამაგრებითი სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. მათივე ცნობით, უკვე დასრულდა მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მთავარი ნაწილიც. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან აღდგება, მაგრამ გზის გახსნის ზუსტი დრო არ დაასახელა.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გამაგრებითი სამუშაოები, რათა აქ გადაადგილება უსაფრთხო ყოფილიყო. მეწყერულ ზონებთან დაკავშირებული, მსოფლიოში არსებული ყველა მაღალი დონის ტექნოლოგია იქნა გამოყენებული. რაც მთავარია, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხოა. ხვალ საღამოდან გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ამჟამად მოწყობილია ასფალტის საფარის ქვედა ფენები, გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გზის ზედა ფენაც დაიგება. გარდა ამისა, მაჭავარიანის ქუჩაზე უახლოეს მომავალში „ლედ“ განათების სისტემაც დამონტაჟდება.
კახა კალაძესთან ერთად სამუშაოები მისმა მოადგილე ირაკლი ბენდელიანმაც დაათვალიერა. მისი თქმით, აღნიშნულ გზაზე გადაადგილება უსაფრთხოა.
„მეწყერული პროცესის გააქტიურებისთანავე შევქმენით კომისია, რომელიც დარგის სპეციალისტებისგან დაკომპლექტდა. დღეს გვქონდა კომისიის გასვლითი შეხვედრა ადგილზე და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს გზა გადაადგილებისთვის უსაფრთხოა. ყველანაირი გაზომვებით და მონაცემებით, სტაბილური მდგომარეობაა და მეწყერის ტანი აღარ გადაადგილდება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე თბილისის მერიამ გერმანელ ექსპერტებთან კოორდინაციით რიგი სერიოზული გამაგრებითი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები შეჩერდა.