თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. ბაგები–წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, დამეწყრილი უბნის გამაგრების მიზნით, ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ბაგებსა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა მარტის თვეში გამოვლინდა.
„ამ მონაკვეთში, უსაფრთხოების მიზნით, გადაუდებელი წესით ჩატარდა ფერდის დამცავი სამუშაოები და დროებითი კედელი მოეწყო. მომდევნო ეტაპზე, დამეწყრილი ფერდის საფუძვლიანად გასამაგრებლად, გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება“, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და სამი თვის ვადაში დასრულდება. კედლის სიგრძე 80 მეტრი იქნება, ხოლო სიმაღლე – 5 მეტრი.
ეს თბილისში ბოლო დროს უკვე მეორე გააქტიურებული მეწყრული ზონაა. მარტში მეწყრული ზონა გამოვლინდა ვაშლიჯვრის დასახლებასთან მდებარე ფერდობზე. კერძოდ, მეწყრული პროცესი გააქტიურდა ვაშლიჯვრის დასახლებასთან ახლოს, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა 16 მარტიდან ორმხრივად შეიზღუდა. აღნიშნულ მეწყრულ ზონაში გზის გაყვანის და გასამაგრებელი სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს.