თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. დიღმის საველე ჰოსპიტალში მკურნალობას 80 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს, ხოლო ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში 59 პაციენტია მოთავსებული.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნოდარ ჩიმაკაძის განცხადებით, დიღმის საველე ჰოსპიტალში კოვიდ-ინფიცირებულთა ნაწილი გამოჯანმრთელდა, ხოლო ხუთი პაციენტი ჯანმრთელობის გაუარესების გამო იქიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„15-მდე პაციენტი გავწერეთ, 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და რეფერალურ კლინიკაში გადავიყვანეთ. ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მიდის შესაბამისი მკურნალობა, რაიმე სახის გართულებები არ ყოფილა“, – განაცხადა ნოდარ ჩიმაკაძემ.
რაც შეეხება ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალს, როგორც ჰოსპიტლის კოორდინატორი მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ასევე არიან ჟანგბადდამოკიდებულებიც.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ერთი პაციენტი გადაყვანილი იქნა მცხეთის „ჯეო-ჰოსპიტალსში“. ვაგრძელებთ პაციენტების მიღებას, მეტწილად არიან ჟანგბადდამოკიდებულები. ჰოსპიტალში ადგილების მომზადება ხდება ეტაპობრივად და, როგორც თავიდანვე ითქვა, 200 საწოლამდე ავალთ უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ამჟამად თბილისში საველე ჰოსპიტალი სამ ადგილზეა მოწყობილი – დიღომში, სამგორში და ქავთარაძის ქუჩაზე. დიღმის საველე ჰოსპიტალმა პაციენტების მიღება 18 აგვისტოს მიიღო, ხოლო ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ჰოსპიტალმა 22 აგვისტოს. სამგორის ჰოსპიტალი ჯერჯერობით დატვირთული არ არის.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 58 ათასამდე აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7 ათასზე მეტი პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 45 ათასზე მეტი პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.021-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 528.043-ს მიაღწია.