თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში მიმდინარე უინსტონ-სალემის ტურნირს ჩაეხსნა.
სავარაუდოა, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ATP-ს 250-ქულიან ტურნირს ავადმყოფობის გამო გამოტოვებს. უფრო დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
29 წლის ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 39-ე ადგილს იკავებს, უინსტონ-სალემის გათამაშებაში მეორე რაუნდიდან ერთვებოდა, სადაც მისი მეტოქე არგენტინელი ფედერიკო კორია უნდა ყოფილიყო (61). შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა გამართულიყო. მაგრამ კორია ბასილაშვილის ნაცვლად ფრანგ პიერ ჰუგეს ჰერბერტს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი ამ ტურნირზე მეშვიდე ნომრად იყო განთესილი.
უინსტონ-სალემის ტურნირის შემდეგ ამერიკის ღია პირველობა აიღებს სტარტს. არ არის გამორიცხული, რომ ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნის მიზეზი სწორედ დიდი სლემის ჩემპიონატს უკავშირდებოდეს და ქართველი ჩოგბურთელი ძალებს ზოგავდეს. ამერიკის ღია პირველობა 30 აგვისტოს დაიწყება, სადაც საქართველოს პირველი ჩოგანი ძირითადი ბადიდან ჩაერთვება.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლოს ცინცინატის მასტერსზე იასპარეზა, სადაც პირველივე წრეში იტალიელ ფაბიო ფონინისთან ორ სეტში ანგარიშით 7:6, 6:3 დამარცხდა. დიდი ალბათობით, ქართველი ჩოგბურთელი ამერიკის ღია პირველობისთვის დაბრუნდება.