თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერობის ოთხი კანდიდატი უკვე დაარეგისტრირა, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის მერის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. კანდიდატების რეგისტრაცია 8 სექტემბერს დასრულდება.
ადგილობრივი არჩევნებისათვის რეგისტრაცია გაიარეს თბილისის მერობის შემდეგმა კანდიდატებმა: ანა დოლიძე (პარტია „ხალხისთვის”), გიორგი გაჩეჩილაძე („მწვანეთა პარტია“), არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ (პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“) და თეიმურაზ ბობოხიძე (პარტია „მამული“).
არჩევნებში მონაწილე მთავარ პარტიებს - „ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ არ დაურეგისტრირებიათ ცესკოში თავიანთი კანდიდატები კახა კალაძე და ნიკა მელია. ასევე არ დაურეგისტრირებია თავისი კანდიდატი ანა ბიბილაშვილი პარტია „ლელოს“.
მოსალოდნელია, რომ თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.
გამარჯვებისთვის კანდიდატმა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების სულ მცირე 50% უნდა მოაგროვოს.
როგორც მოსალოდნელია, მერის პოსტისთვის ძირითადი ბრძოლა კალაძესა და მელიას შორის წარიმართება. მაგრამ, გაიმართება თუ არა მეორე ტური, ექსპერტებს ამასთან დაკავშირებით პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ.