იმნაძე: შესაძლოა არსებული რეგულაციები გამკაცრდეს

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. „ლოკდაუნის“ საკითხი არ განიხილება, თუმცა შესაძლოა გამკაცრდეს არსებული შეზღუდვები და დაემატოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდენს დამღუპველ ზეგავლენას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭო დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებს
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. სპეციალისტების განცხადებით, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველო 100 ათას მოსახლეზე როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ სამეულშია.
დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები კახეთში, წინანდალში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს ხვდებიან. 
პაატა იმნაძემ რეგიონებში კოვიდ-ვითარების შესაძლო დამძიმებაზე ისაუბრა და ვაქცინაციის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
დღეს ჯანდაცვის მინისტრმაც განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭო ხვალ სხვა დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებს.
ჩხაიძე: ასეთი ცუდი და მძიმე ეპიდვითარება საქართველოს პანდემიის დაწყებიდან დღემდე არ ჰქონია
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.354-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 517 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 6.831-ს მიაღწია.
ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის აღსაკვეთად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან რამდენიმე შეზღუდვა დააწესა, კერძოდ, შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; სრულად აიკრძალა ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება; აიკრძალა ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა; კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 23:00 საათამდე.
შეზღუდვები 4 სექტემბრამდე გასტანს.