ზალკალიანი: საქართველოს 16 მოქალაქის ქაბულის აეროპორტამდე მიყვანა ურთულესი იყო

საქართველოს მთავრობამ პრემიერის დავალებით ავღანეთიდან სამშობლოში იქ მყოფი ყველა ქართველის ევაკუაცია განახორციელა.
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების მეორე ნაწილის გამოყვანა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ქაბულში ერთ-ერთ კანადურ კომპანიაში დასაქმებული ქართველები, რომლებიც გამომგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ, სამშობლოში ბრიტანული თვითმფრინავით ბრუნდებიან.
ავღანეთში დარჩენილი ქართველები უსაფრთხო ადგილზე არიან და გამომგზავრებას ელოდებიან
მინისტრის ინფორმაციით, ადგილი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, აეროპორტიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და ეს მანძილი, 4,5 კილომეტრი, ურთულესი აღმოჩნდა მათი ადგილზე უსაფრთხოდ მიყვანის კუთხით.
„ჩვენთვისაც ძალიან რთული იყო ამ პროცესებში ჩართვა, ვინაიდან ჩვენ არ გაგვაჩნია დიპლომატიური მისია ქაბულში და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ვცდილობდით გამოგვეყვანა ჩვენი მოქალაქეები ტერიტორიიდან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს — ბოლო 4-5 დღის განმავლობაში მართლაც 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით“, — განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად საქართველოს 16 მოქალაქე პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ იმყოფება.
„ქაბული აღმოჩნდა აბსოლუტურად უკონტროლო, ძალიან რთული იყო გადაადგილება, თითოეული მეტრი დიდი საფრთხის შემცველი იყო, ამიტომ სანამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად არ დავრწმუნდებოდით იმაში, რომ ქართველების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნებოდა, რა თქმა უნდა, რეკომენდაციას ვერ ვაძლევდით მათ, რომ დაეტოვებინათ ის ბაზა, სადაც ისინი უსაფრთხოდ იმყოფებოდნენ. მიხარია, რომ მათ უსაფრთხოდ დატოვეს ავღანეთის ტერიტორია“, — აღნიშნა ზალკალიანმა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოყვანა ნებართვის მიღებისთანავე განხორციელდება. მთავრობა მზად არის, დაუყოვნებლივ გაგზავნოს ბორტი, რათა მათი საქართველოში ტრანსპორტირება შეძლებისდაგვარად წრაფად მოხდეს.
ავღანეთი საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ დატოვა
ამ დროისათვის ავღანეთის ტერიტორიაზე საქართველოს არც ერთი მოქალაქე აღარ რჩება. მანამდე, 18 აგვისტოს ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა ამერიკულ კომპანიაში კერძო კონტრაქტით დასაქმებული ექვსი მოქალაქე — ისინი თბილისში უნგრეთიდან სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. 19 აგვისტოს ავღანეთი კიდევ ორმა ქართველმა დატოვა.
ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, ის ამჟამად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.