თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. გუშინ, საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ უკვე საველე ჰოსპიტლის ოპერირება დაგვეწყო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
დღევანდელი მდგომარეობით, საველე საავადმყოფოები გახსნილია ორ ადგილზე თბილისში – დიღმის ოლიმპიურ სოფელში, რომელიც 18 აგვისტოს გაიხსნა და სამგორში, რომელსაც ჯერ მუშაობა არ დაუწყია.
„ცხრა პაციენტი განთავსდა დიღმის საველე ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ჰოსპიტალი უკვე ჩვეულებრივი დატვირთვით შეუდგება მუშაობას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის. კერძოდ, როდესაც პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, მას სხვაგან გადაამისამართებენ სიმძიმიდან გამომდინარე.
„ვფიქრობთ, რომ ორ-სამ დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება და შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში – როგორც მისი მართვისთვის იქნება საჭირო“, – განაცხადა გაბუნიამ.
როგორც მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საველე ჰოსპიტლის ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტები, მაგრამ საველე ჰოსპიტლები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკებში და კოვიდ-სასტუმროებში ადგილები აღარ დარჩება.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 59 ათასამდე აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7 ათასზე მეტი პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 48 ათასზე მეტი პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.