თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსით მესამედ ინფიცირების არც ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად არ დადასტურებულა, მაგრამ ასეთი რამ თეორიულად შესაძლებელია, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
დღეს ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა განაცხადა, რომ ქართველმა სპეციალისტებმა დააფიქსირეს შემთხვევები, როდესაც პაციენტები კორონავირუსით მესამედ დაინფიცირდნენ.
„კორონავირუსით მესამედ ინფიცირება ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის და საქმე გვაქვს სავარაუდო შემთხვევებთან“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ამავე დროს, მან ასეთი შემთხვევების ალბათობა არ გამორიცხა.
„კოვიდი მეორედ თუ დადასტურდა, თეორიულად, არსებობს მექანიზმი, რომ ადამიანი მესამედაც დაინფიცირდეს. მეორედ რეინფიცირება ნიშნავს, რომ პირველმა ინფექციამ პაციენტს იმუნიტეტი არ დაუტოვა, ან ის განსხვავებული შტამით დაინფიცირდა. თუ არსებობს მეორედ რეინფიცირების შემთხვევები და ასეთები ნამდვილად არსებობს, იგივე მექანიზმით, მესამედ დაინფიცირებასაც წინ არაფერი უდგას“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამასთან ცერვაძემ აღნიშნა, რომ არც ვაქცინირება, არც ვირუსის მოხდა პლუს აცრა არაა ასპროცენტიანი გარანტია, რომ ადამიანი არ დაინფიცირდება, მაგრამ დაავადების მიმდინარეობა ბევრად მსუბუქი იქნება.
ინფექციონისტების თქმით, რეინფიცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი, ხშირად მიიჩნევენ, რომ გამოუმუშავდათ ანტისხეულები და ახლა ინფიცირებისგან დაცულები არიან.
პანდემიის დაწყებიდან საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 501.297 შემთხვევა დაფიქსირდა.