ქართველმა არქეოლოგებმა ჭობარეთის ტერასულ ნასახლარში ბრინჯაოს ხანის ნივთები აღმოაჩინეს

ადრებრინჯაოს ხანის ნასახლარი 2008 წელს ასპინძა-ახალციხის მაგისტრალური გაზსადენის გაყვანისას აღმოაჩინეს, გათხრები კი 2012 წელს დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო - Sputnik. ქართველმა არქეოლოგებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭობარეთთან, სატიკნეს გორაზე მდებარე ტერასული ტიპის ნასახლარში ძველებური სამკაულები, ნივთები და ქვის ნაგებობები აღმოაჩინეს, ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
ვარძია ესპანური Forbes-ის ყველაზე შთამბეჭდავი ადგილების ტოპ-შვიდეულში მოხვდა
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მრავალი კერამიკული ნაკეთობა, დამახასიათებელი მტკვარი–არაქსის კულტურისთვის (ჩვ.წ.აღ.-მდე დაახლოებით 4000-2200 წლები ჩრდილოეთ კავკასიის, ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმდებარე ტერიტორიებზე - რედ.), ძველებური ქვის ხელის წისქვილი, თიხის ჭურჭელი, ლითონის ჩამოსასხმელი თიხის ყალიბი, მრავალფეროვანი კერამიკული ნაწარმი და სამკაული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღმოჩენა უნიკალურია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ადრებრინჯაოს ხანის ტრანსკავკასიური კულტურის გავრცელების მთელი არეალისათვის და წარმოადგენს იმდროინდელი მხატვრული და გრაფიკული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს. 
„მიმდინარე არქეოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ სოფელ ჭობარეთში განვითარებული ყოფილა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. ამის დამადასტურებელია 5300 წლის წინანდელი ოთხი ჯიშის ხორბლის მარცვლების, პალინოლოგიური მტვრის, ნამგლის, კაჟის ჩასართების, ხელსაფქვავების, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ძვლების აღმოჩენა. ასევე ნაპოვნია სპილენძის ჩამოსასხმელი ყალიბი და სპილენძის ნივთები, რაც მეტყველებს იმდროინდელი კულტურისა და ლითონის დამუშავების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები ადგილზე მოინახულეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ და მისმა მოადგილემ ლევან ბერიძემ.
„სიცოცხლე და სიკვდილი: დიდებული პომპეი“ - ვანის მუზეუმში გამოფენა საზეიმოდ გაიხსნა
ადრებრინჯაოს ხანის ნასახლარი 2008 წელს ასპინძა-ახალციხის მაგისტრალური გაზსადენის გაყვანის დროს აღმოაჩინეს. ნასახლარის არქეოლოგიური კვლევა 2012 წელს ერთობლივად დაიწყეს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა და მელბურნის უნივერსიტეტმა არქეოლოგების კახი კახიანისა და ანტონიო საგონას ხელმძღვანელობით.
არქეოლოგიური კვლევები და სამუშაოები ყოველწლიურად სეზონურად 2009 წლიდან ტარდება. არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობას ავსტრალიის, საფრანგეთის, მელბურნისა და საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები იღებენ.
ბრინჯაოს ხანის ჭობარეთის ტერასული ნასახლარი მთელ საქართველოში იმ დროის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე უნიკალური დასახლებაა თავისი ქვის არქიტექტურითა და არქეოლოგიური მასალით.
არსებული არასრული მონაცემებით, მისი სიგრძე დასავლეთ-აღმოსავლეთის ხაზზე 450 მეტრი, ხოლო სამხრეთ-ჩრდილოეთის ხაზზე 250 მეტრია.