თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ცნობილი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საპატრიარქოს მიმართავს, აღკვეთოს ვაქცინაციისა და ექიმების წინააღმდეგ მიმართული კამპანია.
როგორც კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, სასულიერო პირების ნაწილმა მისი და მისი კოლეგების მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენეს და ისინი ნაცისტ ექიმს იოზეფ მენგელს შეადარეს.
„როგორც ბევრჯერ მოგვისმენია, თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ საპატრიარქოს ვთხოვ, აღკვეთოს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელის შეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში", – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.
ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში UNICEF-ის წარმომადგენლებსა და სხვა კოლეგებთან ერთად რეგიონებში დადის და მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე ესაუბრება.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ადრევე გაავრცელა თავისი პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მაშინ წმინდა სინოდს თხოვნით მიმართა და ვაქცინაციის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების პროცესში დახმარება სთხოვა. მაგრამ საპატრიარქოში განაცხადეს, რომ „ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში“.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით აისახა 11 თებერვლის სინოდის დადგენილებაში, სადაც ნათქვამია, რომ საპატრიარქო მიესალმება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.
ამასთან ერთად, ბევრი სასულიერო პირი, მათ შორის ეპისკოპოსები, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.