როდის განახლდება სწავლის პროცესი სკოლებში: ტიკარაძის განმარტება

საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება. თუმცა განახლდება თუ არა ამჯერად საკლასო ოთახებში სწავლა, ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
UNICEF და განათლების სამინისტრო პედაგოგების ორგანიზებულ ვაქცინაციას უზრუნველყოფენ>>
ტიკარაძის განცხადებით, სასწავლო პროცესის კლასებში განახლების საკითხი დამოკიდებულია 4 სექტემბერისთვის არსებულ ეპიდსიტუაციაზე. სწორედ ამ დრომდეა დაწესებული დამატებითი შეზღუდვები, რომლებიც 14 აგვისტოდან ამოქმედდა. მინისტრის თქმით, სწორედ ამის შემდეგ მიიღებს სამინისტრო შესაბამის გადაწყვეტილებას.
„ჯერ უნდა დაველოდოთ 4 სექტემბრისთვის რა მდგომარეობა გვექნება და ამის შემდეგ შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, რა რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ ნაადრევია ამაზე საუბარი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მანამდე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით აგვისტოში პედაგოგების ვაქცინაციაზე აქტიურად იმუშავებენ.
ტიკარაძე: მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდება
პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობამ სკოლის მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ეპიდვითარების გაუმჯობესების შემდეგ კი შერეული მოდელი დაუშვა – მშობლებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლის როგორც დისტანციური, ისე საკლასო ოთახში დასწრების მეთოდი.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. გაზაფხულზე ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე იყო მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა. ამ ეტაპზე ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის აღსაკვეთად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან რამდენიმე შეზღუდვა დააწესა:
შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
სრულად აიკრძალა ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება;
აიკრძალა ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 23:00 საათამდე.
შეზღუდვები 4 სექტემბრამდე გასტანს.