„პატრიოტთა ალიანსი“ კრემლის რეაქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

ინაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას უარი თქვას კონფრონტაციაზე რუსულ მხარესთან, რაც ამერიკელი „ბატონების“ ინტერესს წარმოადგენს
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ აქვეყნებს კომენტარს კრემლის რეაქციასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართით პარტიის მიერ გაგზავნილ ღია წერილს მოყვა.
ღია წერილის ტექსტი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა 3 აგვისტოს Facebook-ზე გამოაქვეყნა. წერილის მთავარი გზავნილია საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის აზრის გამოხატვა, რომელიც რუსეთთან ღია დიალოგისა და კეთილმეზობლობისთვისაა განწყობილი. კრემლის საპასუხო განცხადებაში, რომელიც 13 აგვისტოს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ კრემლში იზიარებენ შეშფოთებას საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის არსებული მდგომარეობის გამო და ასევე მოწოდებებს მათი გაუმჯობესებისკენ.
„პატრიოტთა ალიანსმა“ კრემლს ხმა მიაწვდინა – რა უპასუხეს მოსკოვში
„მოსკოვის რეაქცია ცალსახად აჩვენებს რუსეთის პოზიტიურ განწყობას, რაც ძალიან გვახარებს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც დიდი ხანია დაიღალა ამერიკელების „ბატონობისგან“, მარადიული კაკუნისგან „ნატოს კარებზე“ და რუსეთთან ურთიერთობებში მუდმივი დაძაბულობისგან“, - წერს ირმა ინაშვილი თავის Facebook-გვერდზე.
ინაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას უარი თქვას კონფრონტაციაზე რუსულ მხარესთან, რაც ამერიკელი „ბატონების“ ინტერესს წარმოადგენს.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს გამოვიდნენ საჯარო განცხადებებით, რომლებიც იქნება საქართველოს და არა ამერიკელი „ბატონების“ ინტერესების გამომხატველი“, - წერს ინაშვილი.
„პატრიოტთა ალიანსი“ კრემლის განცხადებას მიესალმება
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, პარტია კვლავ აგრძელებს ინტერნეტში იმ ადამიანების ფოტოების გამოქვეყნებას, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას. სპეციალურ პორტალზე უკვე დაახლოებით 9,5 ათასი ფოტოა ატვირთული.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. ქვეყნებს შორის დიალოგი წარმოებს ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი-აბაშიძის შეხვედრების ფარგლებში. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.