ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა

ავღანეთის მართვა გადავიდა საბჭოს ხელში, რომელშიც შევიდნენ ეროვნული შერიგების საკითხებში უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი აბდულა აბდულა და ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ხამიდ კარზაი, მოგვიანებით კი ძალაუფლება თალიბებს გადაეცემა
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქაბულიდან ტაჯიკეთში, შემდეგ კი მესამე ქვეყანაში გაფრინდა, აცნობა წყარომ РИА Новости-ს.
„პრეზიდენტ ღანი... ქაბულიდან გაფრინდა ტაჯიკეთში, შემდეგ კი მესამე ქვეყანაში“, - განაცხადა წყარომ.
მისი მონაცემებით, პრეზიდენტთან ერთად ქვეყანა დატოვა ასევე მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ხამდულა მოხიბმა.
რატომ იპყრობენ თალიბები ავღანეთს სწრაფად: ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან
მანამდე წყარომ აცნობა РИА Новости-ს, რომ აშრაფ განი გადადგომას დასთანხმდა. წყაროს განცხადებით, განიმ თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ „ქაბულში საბრძოლო მოქმედებების განხორციელება შეუძლებელია“.
ადგილობრივი მედიაც ამტკიცებს, რომ მან დატოვა ქვეყანა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო სასახლეში მოლაპარაკებებზე „თალიბანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღანისგან ძალაუფლებას არ მიიღებენ.
ავღანეთის მართვა გადავიდა საბჭოს ხელში, რომელშიც შევიდნენ ეროვნული შერიგების საკითხებში უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი აბდულა აბდულა და ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ხამიდ კარზაი, აცნობა РИА Новости-ს „თალიბანის“ მოძრაობაში არსებულმა წყარომ.
მისი მონაცემებით, მოგვიანებით საბჭო ძალაუფლებას უშუალოდ თალიბებს გადასცემს.
მასშტაბური შეტევა: „თალიბანმა“ ყანდაგარი და გერათი აიღო
სიტუაცია ავღანეთში ბოლო კვირეებში „თალიბანის“ მოძრაობის ქვეყნის დიდ ქალაქებზე შეტევებთან დაკავშირებით გამწვავდა. კვირას მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თალიბები ქვეყნის ყველა სასაზღვრო გადასასვლელს აკონტროლებენ. მოგვიანებით ბოევიკებმა განაცხადეს, რომ მთავრობასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ქაბულში მშვიდობიანი შესვლის საკითხზე, ხოლო ავღანეთის მთავრობა ქაბულის უსაფრთხოებაზე გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე იქნება პასუხისმგებელი.
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში ზამირ ქაბულოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციას არ გეგმავს. მისი თქმით, დიპლომატები „მშვიდად მუშაობენ და ყურადღებით აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას“.
თალიბების ასეთი შეუჩერებელი მსვლელობა მოხდა აშშ-ის და ნატოში მათი მოკავშირეების ჯარების გაყვანის ფონზე, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური მისიის ჩავარდნად შეაფასა.