თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის იანვარი-ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21,8%-ით გაიზარდა და 7.484,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 5.209,3 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის იანვარი-ივნისთან შედარებით 19,3%-ით მეტია.
2021 წლის იანვარი-ივლისში საქართველოდან 2.275,6 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27,8%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.933,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,7%-ით მეტია.
ხელისუფლება ექსპორტის ხელშეწყობას გააგრძელებს
ექსპორტის პოზიტიური სტატისტიკა, რომელიც ბოლო თვეებში ზრდის დინამიკით ხასიათდება, მკაფიოდ ასახავს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ტენდენციებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
„გაზრდილი ექსპორტი ნიშნავს გაზრდილ წარმოებას, სამუშაო ადგილებსა და სავალუტო შემოსავლებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, ექსპორტისა და საექსპორტო დარგებისა და საწარმოების ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
„ჩვენ შემოგვაქვს მხარდაჭერის ახალი მექანიზმები, რომელიც გულისხმობს ერთდროულად როგორც დაბალპროცენტიან საბანკო რესურსზე ხელმისაწვდომობას, ასევე სპეციალური გრანტით სარგებლობას და სხვა მნიშვნელოვან ხელშეწყობას. ვფიქრობ, მხარდაჭერის ახალი მექანიზმების მეშვეობით, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ეკონომიკურ ზრდის ტემპზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
კერძოდ, მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატა 60-მდე ბიზნეს-მიმართულება, რომელთაც აქვთ ექსპორტის განვითარების, ასევე ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი.