Sputnik-ის კორესპონდენტი მარია კრუზე კურჩატოვის ინსტიტუტის მოლეკულური გენეტიკის კვლევითი ცენტრისა და ასევე გენის ბიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიების ხელმძღვანელსა და აშშ-ის რატგერის უნივერსიტეტის პროფესორს კონსტანტინ სევერინოვს ესაუბრა.
— ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ თუ ადამიანები ვაქცინირებას შეწყვეტენ, კორონავირუსი მუტაციას განიცდის და ნებისმიერი ვაქცინის მიმართ მედეგი გახდება. მართლაც ასეა?
— ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება შემდეგი მტკიცებულება: ვირუსის მუტაციების წარმოქმნა მით უფრო სავარაუდოა, რაც უფრო მეტი ინფიცირებული ადამიანია და რაც უფრო დიდხანს ავადობენ ისინი. ვაქცინაცია შესაძლებელს ხდის, შემცირდეს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მძიმედ არიან ავად, და, პრინციპში, შეამციროს ვირუსის რაოდენობა, რომელიც ინფიცირებულებში ვითარდება. შესაბამისად, ისეთი ახალი ვარიანტების გაჩენის შანსი, რომლებსაც იმუნური დაცვის გადალახვა შეუძლიათ, მით უფრო მაღალია, რაც მეტი არავაქცინირებული ადამიანია ჩვენ გარშემო.
— ახლა ჩვენ — შესაძლოა მედიასაშუალებები, შესაძლოა მეცნიერები — გვაშინებენ, რომ ვირუსი უფრო „ბოროტი“ ხდება და უფრო ნაკლებად ექვემდებარება მკურნალობას. რას უკავშირდება ეს?
— ვფირობ იმას, რომ მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის სანდოობაც ყოველთვის გადამოწმებული არ აქვს. ვირუსი, რაღა თქმა უნდა, ნამდვილად ხდება უფრო გადამდები, მაგრამ თავად დაავადების, მისი სიმძიმისა და მკურნალობის მეთოდების კუთხით ვირუსის არანაირი „გაბოროტება“ დროთა განმავლობაში არ შეინიშნება. ის უბრალოდ უფრო გადამდები ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირებულ ერთ ადამიანს უფრო მეტი ადამიანის დასნებოვნება შეუძლია და ე.ი. ეპიდემია უფრო სწრაფად ვრცელდება.
— თავიდან ამბობდნენ, რომ უპირატესად ხანდაზმული ადამიანები ავადდებოდნენ, ვინაიდან ეს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენაა. შემდეგ ახალგაზრდებიც გახდნენ ავად და ახლა ბავშვებიც ინფიცირდებიან — თანაც მძიმედაც ავადობენ. ამაზე ექიმები საუბრობენ. ეს იმ პროცესის შედეგია, რომელზეც ზემოთ ისაუბრეთ?
— შესაძლოა ასეც იყოს, ვინაიდან ვირუსი ჩვენს უჯრედებს მათ ზედაპირზე განლაგებული სპეციალური ცილებით უკავშირდება. ვირუსის ახალი ვარიანტები კი ამას უფრო ეფექტურად აკეთებს. ბავშვებს პრინციპში ასეთი ცილა-რეცეპტორები უჯრედების ზედაპირზე ნაკლები აქვთ, ამიტომ ვირუსის ადრეული ფორმების წინააღმდეგ მეტად მედეგები იყვნენ. ახლა კი ისეთი ახალი ვარიანტები გაჩნდა, რომლებიც უკეთ იცნობენ ჩვენს უჯრედებზე არსებულ „სამიზნეებს“ და უკვე ბავშვებიც ხდებიან ავად.
— ახლა ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ აცრილებიც ავადმყოფობენ. ზოგი წერს, რომ მძიმედაც. მაგრამ მედიცინის თვალსაზრისით რას ნიშნავს „მძიმედ ავადმყოფობა?“ რომელი სიმპტომები განეკუთვნება კორონავირუსის მძიმე ფორმას და რომლები — იოლს?
— წარმოდგენა არ მაქვს, მე ექიმი არ ვარ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ისტორიები ჯობს, რომ გაიფილტროს და ამას სტატისტიკის თვალით შევხედოთ.
ძალიან მეტყველია რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის სტატისტიკა. ეს ის ორი ქვეყანაა, სადაც გამოყენებული ძირითადი ვაქცინები ადენოვირუსზეა დამზადებული: „სპუტნიკ V“ – რუსეთში და AstraZeneca – დიდ ბრიტანეთში. ერთადერთი განსხვავება ვაქცინირებულთა პროცენტულობაშია. ბრიტანეთში მოსახლეობის 65 პროცენტია აცრილი, რუსეთში — სხვადასხვა მონაცემებით, 20 პროცენტი.
ახალი წლის წინ, როდესაც არც მათ ჰყავდათ ვაქცინირებულები და არც ჩვენ, ბრიტანეთში ყოველდღიურად დაახლოებით 60 ათას ადამიანს უვლინდებოდა კორონავირუსი და 1800 კვდებოდა. იმავდროულად რუსეთში ავად დაახლოებით 30 ათასი კაცი ხდებოდა და 500 კვდებოდა.
ახლა ნახევარი წლით წინ გადავინაცვლოთ და დღევანდელ რიცხვებს შევხედოთ. ახლა ინგლისში ბევრია ვაქცინირებული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღეში მაინც დაახლოებით 50 ათასი კაცი ინფიცირდება — იქ ვირუსის ახალი ფორმის გავრცელების ფონზე ახალი ტალღაა — მაგრამ მხოლოდ 100-მდე ადამიანი იღუპება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის ლეტალობა დაახლოებით ათჯერ შემცირდა.
რუსეთში ახლა დღეში 25 ათას კაცამდე ავადდება და 800-მდე კვდება. გამოდის, რომ ვითრება იმაზე უარესია, ვიდრე გასულ დეკემბერს იყო. ამის მიზეზი ვაქცინაციის დაბალი დონეა, იმიტომ რომ დაავადების მკურნალობის მეთოდებში ამ ხნის განმავლობაში არაფერი შეცვლილა, ახალი არაფერი მოუგონიათ.
— თქვენი აზრით, სხვადასხვა ვაქცინების შერევა შეიძლება?
— ეს ჩემი აზრი კი არა, კლინიკური კვლევების შედეგია. არანაირი თეორიული უკუჩვენება არ არსებობს. პრაქტიკულად ყველა ვაქცინა, გარდა Johnson & Johnson-ისა, ორდოზიანია. ყველა შემთხვევაში ანტიგენი კორონავირუსის S-ცილაა. არანაირი მიზეზი საიმისოდ, რომ ვაქცინები კომბინირებულად არ გამოვიყენოთ, არ არსებობს. ზოგი კლინიკური კვლევა აჩვენებს, რომ დაცვის ეფექტურობის თვალსაზრისით ამით არაფერი შავდება.
— ბევრს ეშინია, რომ ვაქცინები ადამიანის გენის შესაცვლელად შექმნეს, რომ მათ დაჩიპვას აპირებენ. რას ფიქრობთ ამაზე? საერთოდ, რატომ გაჩნდა ასეთი შიშები, ახდენს კი გავლენას ვაქცინა ადამიანის გენომზე?
— სხვის თავში ჩახედვა რთული საქმეა. სრულიად აშკარაა, რომ ვაქცინებს, რომლებიც ახლა გამოიყენება, არც თეორიულად და არც პრაქტიკულად არ შეუძლიათ ადამიანის გენომის შეცვლა — რასაც უნდა ნიშნავდეს ეს. რეალურად, როცა ადამიანები თავიანთი გენომის შეცვლაზე ლაპარაკობენ, მაგალითად, ვაქცინაციის გზით, გაუგებარია, რა აქვთ მხედველობაში: მთელი ჩვენი უჯრედების გენომი, გამოყოფილი უჯრედების გენომი თუ, ვთქვათ, სასქესო უჯრედების გენომი? თითოეული ეს შემთხვევა ცალკე განხილვის საგანია იმ ადამიანთან, ვინც ასეთ რამეს ამბობს. ისე კი, ბევრ მათგანს უჯობს ფსიქიატრს მიაკითხოს, ან მოლეკულური ბიოლოგია შეისწავლოს.
— ადამიანებს უყვართ, რომ ყველაფერს აკონტროლებდნენ, ამიტომ აცრის შემდეგ ანტისხეულებზე აბარებენ ტესტებს. საჭიროა ანტისხეულების დონის კონტროლი ორგანიზმში?
— დარწმუნდე იმაში, რომ ვაქცინა მუშაობს, კარგი საქმეა. ამისათვის მართლაც საჭიროა ანტისხეულების დონის გაზომვა თუნდაც ერთხელ — მეორე დოზის გაკეთების შემდეგ. რატომ? თუ იგივე „სპუტნიკ V“-ს კლინიკური კვლევების შედეგებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ იმუნური პასუხი კვლევის პროცესში აცრილი პაციენტების 98%-ს გამოუმუშავდა, 2%-ს კი — არა.
ამის მიზეზი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. მაგალითად, იმუნური სისტემის ორგანული დეფექტი, რაც ნაკლებად სარწმუნოა, ვინდაინ ასეთები უბრალოდ ვერ გადარჩებოდნენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვაქცინა არასწორად იყო შენახული, ან არასწორად იყო შეყვანილი ორგანიზმში.
თუ გსურთ, ცოტა მეტად იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ დაცული ხართ, ალბათ ჯობს გაიზომოთ ანტისხეულების დონე. მაგრამ ამის მუდმივად გაკეთება იმისთვის, რომ ლამაზი გრაფიკები ააწყოთ და უყუროთ, როგორ იკლებს ანტისხეულების დონე, რის ფონზეც შფოთვის დონე იზრდება, არ ღირს.
— იმის მაგალითები თუ არსებობს, რომ ანტისხეულების მაღალი დონის შემთხვევაშიც ინფიცირდებიან ადამიანები კორონავირუსით?
— ჩენთვის ასეთი შემთხვევები ცნობილი არ არის. მეორე მხრივ, შეიძლება ისევ ბრიტანულ მაგალითს დავუბრუნდეთ. თუ იქ მოსახლეობის 65% აცრილია, მაგრამ ყოველდღიურად მინიმუმ 50 ათასი კაცი ინფიცირდება, ე.ი. მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც უკვე აცრილია. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ რაოდენობიდან მხოლოდ 150 კაცი იღუპება. ანუ აცრა ინფიცირებისგან არ იცავს, მაგრამ ვაქცინირებულს დაავადება უკვე „ფეხზე გადააქვს“ — დაცულია მძიმე ფორმისგან, ჰოსპიტალიზაციის, ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთებისა და სიკვდილისგან.
— თუ ადამიანს ვაქცინირების შემდეგ სიცხე უწევს, სისუსტეს გრძნობს, ყელი სტკივა — ეს კორონავირუსის იოლი ფორმაა?
— მიმაჩნია, რომ კი. ეს ცუდია, მაგრამ არა საშინელი. ვფიქრობ, ბევრ ჩვენგანს ჰქონია 38 და 39°С სიცხეები, მაგრამ ამის მერე მიწაში არ აღმოვჩენილვართ. ეს აბსოლუტურად ნორმალური სიტუაციაა.
— რამდენჯერ შეიძლება დაავადდეს ადამიანი კორონავირუსით?
— ეპიდემია ძალიან ახალგაზრდაა, სულ წელიწად-ნახევრისა. ამიტომ იმის დაბეჯითებით თქმა, რამდენჯერ შეიძლება დაავადდეს ერთი და იგივე ადამიანი კორონავირუსით, ჯერჯერობით შეუძლებელია. რეალურად, განმეორებით ინფიცირების შემთხვევები ძალიან ცოტაა — დღეისათვის ადამიანების უმეტესი ნაწილი მხოლოდ ერთხელაა დაავადებული.
— შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის სამკურნალო წამლის ან სპეციფიკური მკურნალობის მეთოდის შექმნა?
— დღეისათვის არანაირი სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ვირუსული დაავადებები პრინციპში ძალიან ცუდად იკურნება — ერთ-ერთი ჰეპატიტის გარდა. მისი წამლის შექმნაზეც რამდენიმე ათეული წლის მუშაობა და უზარმაზარი თანხები დაიხარჯა, მაგრამ ჯერ ფართოდ არ გამოიყენება. ვირუსული დაავადებების შემთხვევაში, როგორც წესი, ან სიმპტომების კუპირება ხდება, ან პროფილატიკის მეთოდი, ანუ აცრა გამოიყენება.
— შეიძლება ითქვას, რომ დროთა განმავლობაში კორონავირუსით ნაკლებად ვიავადებთ, ანუ იქცევა თუ არა ეს ინფექცია მსუბუქ სეზონურ დაავადებად?
— დიდი ალბათობით, მას შემდეგ, რაც დედამიწის მთელი მოსახლეობა გადაიტანს კორონავირუსს, ან აიცრება, დაავადების სიმძიმე დაქვეითდება. უბრალოდ, იქამდე უნდა მივიდეთ. ადამიანებს ან დაავადების გადატანის საშუალება უნდა მივცეთ (და ასეთ შემთხვევაში სიკვდილიანობის 2%-ანი მაჩვენებლისთვის უნდა ვიყოთ მზად), ან ავცრათ ისინი და ამით ძალიან ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ. თავად ვირუსი, რაღა თქმა უნდა, არსად გაქრება — ის ჩვენთან დარჩება.
— როდის დამთავრდება პანდემია, როდის ვიტყვით უარს პირბადეებსა და გაუთავებელ შეზღუდვებზე?
— დედამიწაზე შვიდ მილიარდამდე ადამიანი ცხოვრობს. ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით 200 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა იავადა და ოთხ მილიონზე მეტი კაცი დაიღუპა. დღეისათვის თითქმის 4,5 მილიარდი დოზა ვაქცინაა გამოყენებული. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ორი მილიარდი კაცი სრულად ვაქცინირებული და, შესაბამისად, მედეგია ვირუსის მიმართ. მაგრამ კიდევ რჩება ხუთი მილიარდი კაცი, რომელიც ჯერ არ აცრილა.
ამიტომ არსებობს ორი სცენარი: პანდემია ან ბუნებრივი გზით გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა არ გადაიტანს დაავადებას, ან აუცრელების ვაქცინაციას მოვასწრებთ. აი, როცა ეს მოხდება, პანდემია აღარ იქნება ისეთი სერიოზული ფაქტორი, როგორიც დღესაა.
საუბარია დედამიწის მთელ მოსახლეობაზე. სანამ ყველა არ აიცრება, გამუდმებით წარმოიქმნება არავაქცინირებული ადამიანების ანკლავები, რომლებიც ვირუსისა და მისი ვარიანტების უზარმაზარი რაოდენობის „რეზერვუარებად“ იქცევიან. ასეთ შემთხვევაში ვირუსი აცრილი ადამიანების დასასნებოვნებლად ბევრად ეფექტურ უნარებს შეიძენს.
— ზოგი ამბობს, რომ ბავშვების აცრა არ შეიძლება. მართლაც ასეა? მოსახლეობის რომელი ჯგუფები უნდა აიცრას პირველ რიგში?
— იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ეს შედარებით გონივრულად გაკეთდა, მეტყველებს იმაზე, რომ უპირველესად რისკის ჯგუფები უნდა აიცრას — ანუ მედიკოსები და ხანდაზმულები. მათ შემდეგ ასაკობრივი ცენზი შეიძლება დავწიოთ და სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების აცრაც კი დაიწყოს. სად გაჩერდება ასაკობრივი ნიშნული, რომლის ქვემოთაც ვაქცინაცია უკვე აღარ შეიძლება, კლინიკურმა კვლევებმა უნდა გამოავლინოს. ახლა ბევრ ვაქცინას უკუჩვენება აქვს 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის.