თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადება, რომელიც მის შესაძლო ვაქცინაციას ეხება.
ილია მეორე მიიჩნევს, რომ მისი ვაქცინაცია სხვებისთვის განმსაზღვრელი ფაქტორი არ შეიძლება იყოს.
„კათოლიკოს-პატრიარქის აცრასთან დაკავშირებით პერიოდულად მიზანმიმართულად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, ამიტომაც მოკლედ შემდეგს ვიტყვი: აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატრიარქი Pfizer-ის ვაქცინას 13 აგვისტოს გაიკეთებდა. მოქალაქეთა ნაწილმა მოუწოდა საპატრიარქოს, მრევლი ვაქცინაციაზე აკურთხოს. გუშინ საპატრიარქომ უარყო ილია მეორის აცრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
როგორც პატრიარქი წერს, „ვაქცინაციასთან მიმართებაში ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება“.
ილია მეორე მიიჩნევს, რომ „მოსახლეობაში არსებული კითხვების შესაბამისად საზოგადოებას სათანადო დარგის სპეციალისტებისგან უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, რათა ადამიანებს დაეხმარონ პიროვნული არჩევანის გაკეთებაში“.
პატრიარქი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა. ილია მეორე ასევე მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია.
მანამდე ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაავრცელა თავისი პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მაშინ წმინდა სინოდს თხოვნით მიმართა და ვაქცინაციის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების პროცესში დახმარება სთხოვა. მაგრამ საპატრიარქოში განაცხადეს, რომ „ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში“.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით აისახა 11 თებერვლის სინოდის დადგენილებაში, სადაც ნათქვამია, რომ საპატრიარქო მიესალმება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.