მიმოხილვა: რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიული წვრთნები „ურთიერთქმედება 2021“

რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიული წვრთნები „ურთიერთქმედება 2021“ – დიდი სალამი ამერიკელებსა და თალიბებს.
Sputnik
რუსეთ-ჩინეთის ოპერატიულ-სტრატეგიული სწავლება ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში სახელწოდებით „დასავლეთი/ურთიერთქმედება-2021“ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სასწავლო ავიადარტყმებთანაა ინტეგრირებული ავღანეთთან მოსაზღვრე პოლიგონებზე ცენტრალურ აზიაში, და ისე გამოიყურება, როგორც რუსეთ-ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური კავშირის ფორმირების გაგრძელება.
აშშ-ის სწავლება Large Scale Exercise 2021: ლეგენდები და რეალობა
რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი სამხედრო მანევრების მრავალწლიანმა პრაქტიკამ ამ კვირაში სტრატეგიულ სიბრტყეზე გადაინაცვლა. „ცინტუნსიას“ პოლიგონზე 9-13 აგვისტოს სწავლებებში ამოქმედებულია დაახლოებით 13 ათასი სამხედრო და თითქმის 500 ერთეული საბრძოლო ტექნიკა. რუსეთს წარმოადგენს ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაციის რაზმი, მოტომსროლელი შენაერთის პირადი შემადგენლობა ზაბაიკალიედან, და მართვის აპარატი. ჩინეთმა წვრთნებში ჩართო სამხედრო-საჰაერო ძალები და სახმელეთო ჯარები.
მანევრების სტარტზე რუსმა სამხედროებმა, ჩინელი ინსტრუქტორების მონაწილეობით, სროლები განახორციელეს მუხლუხოვანი ტანკების საშტატო შეიარაღებიდან და ჩინეთის არმიის მოიერიშე ჯავშანმანქანებიდან. „ცინტუნსიას“ პოლიგონზე რუსულმა მოტომსროლელმა დანაყოფებმა, გენერალ-ლეიტენანტ მიხაილ ნოსულევის სარდლობით, პირობითი მტრის საარტილერიო შეიარაღებისა და ჯავშანობიექტების იმიტირებული სამიზნეების უმეტესობა გაანადგურა.
რუსული ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ ვერტმფრენებიდან ერთობლივ დესანტირებაშიც. წვრთნის დროს საშტატო შეიარაღებით აღჭურვილმა სამხედროებმა გადაფრენა-გადასხდომა შეასრულეს უცნობ რაიონში, ასევე გაიარეს მრავალკილომეტრიანი მარში, შეასრულეს დასახული ამოცანები — დაკვირვებისა და დაზვერვის თანამედროვე მოწყობილობების, ხელის ტყვიამფრქვევების, სნაიპერული შაშხანებისა და ავტომატ АК-12-ის გამოყენებით.
ორი ქვეყნის მრავალმიზნობრივი გამანადგურებლების საავიაციო ესკადრილია ინჩუანის აეროდრომიდან აფრინდა და შეტევა მიიტანა სახმელეთო სამიზნეებზე მსხვრევად-ფუგასური ბომბებით, დაამუშავა პირობითი მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისგან დროული გასვლა. ამასთან გამანადგურებელ Су-30СМ-ის რუსული ეკიპაჟები და ჩინური გამანადგურებლების — ძიან-11-სა და ძიან-7-ის პილოტები წარმატებით ურთიერთქმედებდნენ ამოცანების მთელ დიაპაზონზე.
მიმოხილვა: პენტაგონმა თავისი ფლოტის აქილევსის ქუსლი აღიარა

ინტერესებისა და მიზნების თანხვედრა

სწავლება „დასავლეთი/ურთიერთქმედება-2021-ის“ ლეგენდა ოფიციალურად არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ.
რუსეთისა და ჩინეთის ჯარების ერთობლივი დაჯგუფების შესაძლებლობები „ცინტუნსიას“ პოლიგონზე იძლევა „ძალის პროეცირების ჰიპოთეტურ“ შესაძლებლობას როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით.
ნინჩუანის აეროპორტი, სადაც რუსული და ჩინური გამანადგურებლები არის ბაზირებული, ქაბულიდან და ტოკიოდან ერთნაირი მანძილითაა დაშორებული — დაახლოებით 3000 კმ-ით (თანხვედრაშია Су-30СМ-ის ფრენის პრაქტიკულ მანძილთან ჰაერში საწვავით დამატებითი შევსების გარეშე).
ამასთან რჩება ინტრიგა: ორბიტული თანამგზავრები ყველა ტაქტიკურ ილეთს ვერ დაინახავენ, ხოლო პირობითი მოწინააღმდეგის მზვერავი ავიაცია ვერ შეძლებს დაუბრკოლებლად შეასრულოს თავისი მისია ჩინეთის შორ რეგიონში.
რუსეთმა ჩინეთში წვრთნებზე 4+ თაობის რამდენიმე გამანადგურებელი Су-30СМ გადაიყვანა, და ეს იმის მაჩვენებელია, რომ ორი ქვეყნის ყველა სახისა და სახეობის შეიარაღება საბრძოლო ინტეგრაციისთვის მზადაა.
ერთობლივი სამხედრო-საზღვაო და სახმელეთო სწავლება მანამდეც არაერთხელ ჩატარებულა. გაერთიანებული ესკადრიელიები წარსულში მხოლოდ ზღვის თავზე დაფრინავდნენ პატრულირების დროს.
მრავალმიზნობრივი მოიერიშე ავიაციისა და სახმელეთო ჯარების ერთობლივი გამოყენება რუსეთისა და ჩინეთის მანევრებში ახალი სიტყვაა, ადეკვატური პასუხია აშშ-ის და ნატოს სამხედრო პროვოკაციებზე შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ჩინეთის რეგიონებში.
დოჰაში მოლაპარაკებები იწყება: აშშ თალიბებს შეტევების შეწყვეტას მოსთხოვს
მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი Су-30СМ წევის მართვადი ვექტორის ძრავებითაა აღჭურვილი. საბორტო რადიო-ლოკაციური სადგური მოწინააღმდეგის თვითმფრინავებს 140 კმ-ის დაშორებით პოულობს და შეუძლია ერთდროულად გააცილოს 15-ზე მეტი საჰაერო სამიზნე, აირჩიოს მათგან პრიორიტეტული და ოთხს გაუხსნას ცეცხლი 100 კმ დაშორებიდან.
გამანადგურებლის დანიშნულებაა ჰაერში ბატონობის მოპოვება, მოწინააღმდეგის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების, აეროდრომების განადგურება „ჰაერი-ზედაპირის“ კლასის სხვადასხვა ტიპის ზეზუსტი რაკეტებით, რომელთა სიშორე 285 კმ-მდეა.
ჩინური გამანადგურებელი ძიან-11 (J-11D) რუსული Су-35С-ის ეკვივალენტად მიიჩნევა. შეუძლია ჰაერში დაახლოებით 15 ტონამდე არსენალი ასწიოს, ხოლო მისი საბრძოლო რადიუსი Су-30СМ-ისას არ ჩამორჩება.
რეგიონული (ომი ავღანეთში) და გლობალური დონის (აშშ-ისა და ნატოს მთავარ მოწინააღმდეგეებად რუსეთისა და ჩინეთის გამოცხადება აშშ-ის მიერ) საერთო საფრთხეების წინაშე რუსეთისა და ჩინეთის შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური და სტრატეგიული ინტეგრაცია შესაძლებელია და აუცილებელი. „ცინტუნსიას“ პოლიგონზე სწორედ ამ რთული მექანიზმის დახვეწა მიმდინარეობს.
ჩრდილში არ რჩება არც ჰარბ-მაიდონის პოლიგონზე (ავღანეთის საზღვრიდან 20 კმ-ის დაშორებით) მიმდინარე სინქრონული სწავლებები, სადაც რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის ათზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობს რუსეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ერთობლივ სახმელეთო ოპერაციაში. მფრინავები რაკეტებითა და ბომბებით ანადგურებენ პირობითი მტრის შენიღბულ ბაზებს, ერთობლივი საჯარისო დაჯგუფება სამხრეთიდან საფრთხეების აღკვეთისთვის ემზადება — „დასავლეთი/ურთიერთქმედება-2021“ იქ ცენტრალურ-აზიური აქცენტით დუბლირდება.  
თალიბები უტევენ: 100 ათასი ლტოლვილი - ეს მხოლოდ დასაწყისია
ანალოგიური რუსულ-უზბეკური სწავლებები „სამხრეთი-2021“ ახლახან დასრულდა უზბეკეთში, თერმეზის პოლიგონზე, სადაც რუსულმა ბომბდამშენ-რაკეტმზიდებმა Ту-22М3 ავღანეთის საზღვარზე პირობითად გაანადგურეს მოწინააღმდეგე.

„თალიბანისა“ და აშშ-ის პოზიციები

ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში ერთობლივი სწავლებების აქტუალობა საბრძოლო მოქმედებების შესახებ ავღანეთიდან მიღებულ ცნობებს ადასტურებს. თალიბები ქვეყნის საზღვრებისა და სატრანსპორტო მაგისტრალების სტრატეგიული კონტროლიდან ადმინისტრაციული ცენტრების დაპყრობაზე გადავიდნენ.
რამდენიმე დღის წინ მათ კონტროლი დაამყარეს ჩრდილოეთ პროვინციების დედაქალაქებზე, რაც ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს, როგორც მინიმუმ, ავღანელ ლტოლვილთა მრავალათასიანი ნაკადებით ემუქრება.
ქალაქების დაპყრობა ერთნაირი სცენარით მიმდინარეობს: თალიბები ქალაქს საკვანძო მიმართულებიდან უახლოვდებიან ამერიკული „ჰამვის“ ნადავლი ჯავშანმანქანებით, ბლოკავენ სამთავრობო ძალების მომარაგებას, უკან დასახევ გზებს, შემდეგ კი ქალაქში სამი-ოთხი მიმართულებიდან შედიან და მას მობილური რაზმებით კონტროლის ზონებად ყოფენ. ამის შემდეგ წინააღდეგობის კერების „წმენდას“ იწყებენ.
ამასთან ავღანური არმია არ მიდის (ან ვერ ასწრებს) ალყაში მოქცეული ქვედანაყოფების დასახმარებლად.
თალიბები არა მარტო უტევენ პროვინციების დედაქალაქებს და ხვრეტენ მოწინააღმდეგეებსა და ოპონონტებს, არამედ პირობასაც დებენ, რომ ქაბულის აღების შემდეგ ავღანეთის მთავარ პოლიტიკოსებსაც დასჯიან სიკვდილით.
„თალიბანის“ აქტიურობამ ბადახშანის პროვინციაში, რომელიც ტაჯიკეთსა და ჩინეთს ესაზღვრება, აიძულა პეკინი, უფრო აქტიური და ხისტი პოლიტიკა გაატაროს ავღანური მიმართულებით. პენტაგონი კი ძველ გზას დაუბრუნდა და თალიბების პოზიციებს B-52-ის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან „აუთოებს“.
ისლამურ პრინციპებზე: ავღანეთის მთავრობა და „თალიბანი“ კომპრომისის მიღწევაზე შეთანხმდნენ
ალბათ ძნელი არაა თალიბების წყენის წარმოდგენა, რომლებმაც 2020 წლის თებერვალში აშშ-თან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. თუმცა ვაშინგტონს თავისი, ხშირად პარადოქსული გეოპოლიტიკური პრიორიტეტები და სამხედრო-პოლიტიკური მისწრაფებები აქვს.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის მეთაურმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა 6 აგვისტოს „კატასტროფული“ შედეგები იწინასწარმეტყველა იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო-საჰაერო ძალები საკმაოდ სწრაფად არ შეიცვლება, რათა ჩინეთს არ ჩამორჩნენ. მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს შესაძლებლობების „სწორი შერწყმა“ უნდა ჰქონდეს ჩინეთის დასამარცხებლად.  
აშკარაა, ამერიკული გეგმებით პლანეტაზე მშვიდობა გათვალისწინებული არ არის. ავღანეთი მხოლოდ ეპიზოდია „მსოფლიო ბოროტებასთან“, განკიცხულ ქვეყნებთან და ვაშინგტონის სხვა ქიმერებთან გლობალურ ბრძოლაში.
პენტაგონის მონაცემებით, ჩინეთს ამერიკული უპირატესობის დაძლევა 2035 წლისთვის შეუძლია იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების განახლება მნიშვნელოვანწილად შეჩერდა — ბოლო 27 წლის განმავლობაში სულ ოთხი ახალი გამანადგურებელია შექმნილი.
მომავალი ბრძოლებისთვის აშშ-ის სამზადისის ფონზე რუსეთისა და ჩინეთის პოზიციები და ჯარები კანონზომიერად უახლოვდება ერთმანეთს. მოსკოვისა და პეკინის შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, როგორც ფორმალიზებული დოკუმენტი, არსებულ ობიექტურ რეალობას არ შეცვლის. რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი განცხადება (2019 წელი, 5 ივნისი) გლობალური სტრატეგიული სტაბილურობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების განვითარების შესახებ ორი სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკურ კურსს ათობით წლის განმავლობაში განსაზღვრავს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს