ოპოზიციური პარტიები ჯერ არ არიან მზად მერობის კანდიდატების წარსადგენად

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები არ ჩქარობენ მერობის კანდიდატების წარდგენას და ბოლო კონსულტაციებს მართავენ.
დღეისათვის ქალაქების მერობის ყველა კანდიდატი წარადგინა მხოლოდ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისმა მხარდამჭერმა პარტიებმა ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატი - ნიკა მელია წარადგინეს. დედაქალაქის მერობის კანდიდატი წარადგინა ასევე ლეიბორისტულმა პარტიამ. ხოლო ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატების წარდგენა ოზურგეთიდან დაიწყო.
არჩევნები 2021: ცესკომ პარტიების რიგითი ნომრები გამოაქვეყნა
დანარჩენი პარტიები არ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას და აცხადებენ, რომ მათ დრო სჭირდებათ.
ეს ძალიან რთული და კომპლექსური პროცესია და გადაწყვეტილების მისაღებად დრო გვჭირდება. ჩვენი გეგმების შესახებ უახლოეს დროს განვაცხადებთ, აღნიშნა პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა საბა ბუაძემ.
სხვები კი კვლევების შედეგებს ელოდებიან.
ჩვენ ჯერჯერობით არცერთ კანდიდატს ღიად არ ვუჭერთ მხარს, ჩვენ ვატარებთ საკუთარ კვლევას და სავარაუდოდ თბილისში ჩვენი კანდიდატი გვეყოლება, განაცხადა გაერთიანება „მესამე ძალის“ წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ.
პარტიების პასუხს თავად „ნაცმოძრაობაში“ ელოდებიან.
უახლოეს დროს იქნება მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტულ კანდიდატებზე, რომლებიც შევათანხმეთ ოპოზიციასთან და შესაბამისად წინასაარჩევნო კამპანია სრული სვლით დაიწყება, განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ.
არჩევნები 2021: რა უნდა იცოდეს საქართველოს მოქალაქემ
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.