თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა – მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ფესტივალებში მონაწილე ადამიანთა რიცხვი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
კერძოდ, გამყრელიძის თქმით, ფესტივალს უნდა დაესწროს მაქსიმუმ 100 ადამიანი და იქ სრულად უნდა იყოს დაცული ორმეტრიანი დისტანცია. გარდა ამისა, მათ აუცილებლად უნდა გამოიყენონ პირბადე. ასევე რეკომენდებულია, რომ ყველა ადამიანი, ვინც ღონისძიებაზე დასასწრებად მიდის, იყოს ორჯერადად აცრილი, ან ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ჰქონდეს PCR–ტესტი, ან ბოლო 24 საათში – სწრაფი ანტიგენის ტესტი.
„ეს კულტურა თანდათან შემოდის ჩვენთან და აუცილებელი იქნება ამ პანდემიის პერიოდში ამის დაცვა რაღაც ეტაპზე, ყველა ხალხმრავალ შეკრებაზე, ან ადგილზე, სადაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი იკრიბება – სემინარები, ვორქშოფები, კონფერენციები და ა.შ. იქ მივიდნენ და დაესწრონ მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები, ან წინასწარ ჩაიტარონ „პისიარი“, ან სწრაფი ანტიგენის ტესტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ჯერჯერობით ეს არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია.
„ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს საკითხი კიდევ განიხილება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი მაღალია. სპეციალისტების აზრით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებამ და ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან საქართველოში ღია სივრცეებში ხუთზე მეტი პირის შეკრების შემთხვევაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.
გარდა ამისა, ქვეყანაში აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა, კვების ობიექტებს კი მუშაობა რეგულაციების დაცვით 24:00 საათამდე შეუძლიათ.