თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ექიმთა საზოგადოებამ“ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ზომების გამკაცრების მოთხოვნით ღია წერილით მიმართა.
ღია წერილს ხელს აწერს 720 ექიმი.
„ვხედავთ საქართველოს სამედიცინო სისტემის კოლაფსის რეალურ საშიშროებასა და უკვე დღეისათვის არსებულ საწოლფონდის დეფიციტს“, – ნათქვამია ღია წერილში.
გამოსავალს ექიმები მოსახლეობისთვის დამატებითი ზომების დანერგვაში ხედავენ.
კერძოდ, მათ წინადადებებს შორისაა FFP2, FFP3 კლასების რესპირატორების ტარება ან ორი სამედიცინო პირბადის გაკეთება, როდესაც ადამიანები დახურულ სივრცეში იმყოფებიან – შენობასა თუ ტრანსპორტში.
გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ ათზე მეტი ადამიანის შეკრებას, ასევე კონცერტებისა და სხვა მასშტაბური ღონისძიებების აკრძალვას.
ისინი ასევე გამოდიან წინადადებით, რესტორნებსა და კაფეებში სტუმრებმა წარადგინონ PCR–ტესტის პასუხი ან ცნობა აცრის შესახებ და ეს სავალდებულო გახდეს. ამასთან, რესტორნებმა სტუმრები მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ.
ექიმები ასევე საჭიროდ მიიჩნევენ, აიკრძალოს საქართველოში ტურისტების ჩამოსვლა ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან, ან ისინი მოთავსდნენ კარანტინში, რადგან, მათი აზრით, ტურისტებს შორის, განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან, ხშირად აქვთ გაყალბებული PCR–ტესტის პასუხი და ვაქცინაციის ცნობა.
ამას გარდა, ექიმები გამოდიან წინადადებით, დაიტვირთოს ყველა ოჯახის ექიმი ინფიცირებული პაციენტის მართვით, შემცირდეს ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფიის რიცხვი და მისი გამოყენება მხოლოდ მძიმე პაციენტების შემთხვევაში მოხდეს, ასევე უარი ეთქვას ჰოსპიტალიზაციაზე პაციენტებს მსუბუქი და საშუალო მდგომარეობის დროს და მათი მკურნალობა ამბულატორიულად მოხდეს, ასევე პაციენტები მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე გაწერონ კლინიკიდან.