სერგეი სავჩუკი
როგორც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA) იუწყება აშშ-ის სახელმწიფო გეოლოგიურ სამსახურზე (USGS) დაყრდნობით, მიმდინარე წლის მაისის შედეგებით, რუსეთი, კანადის შემდეგ, ნავთობის მეორე მთავარი მიმწოდებელია ამერიკისთვის, ჩამოიტოვა რა უკან მექსიკა.
გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს, რომ საანგარიშო პერიოდში შესყიდვების მოცულობა ერთბაშად 10%-ით გაიზარდა და დღე-ღამეში 840 ათას ბარელს მიაღწია. თუმცა რუსეთი მთავარ მიმწოდებელს, კანადას მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება, საიდანაც აშშ-ში მილსადენით ყოველდღე თითქმის 4 მილიონი ბარელი ნავთობი შედის. აღსანიშნავი ფაქტია, რომ რუსეთმა ნავთობპროდუქტების იმპორტის კუთხით მარტო აშშ-ის მეზობელი მექსიკა კი არ ჩამოიტოვა უკან, არამედ საუდის არაბეთიც — მაისში.
ცნობილია მთავარი შემსყიდველებიც. ყველაზე მეტი ამერიკულმა სანავთობო კომპანია Valero-მ შეიძინა — 8,5 მლნ ბარელზე მეტი, რომელიც საბაჟოს გავლის შემდეგ პირდაპირ ტეხასის, ლუიზიანისა და კალიფორნიის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გაიგზავნა. მყიდველების სიაში ასევე შედიან ტრანსნაციონალური გიგანტები ExxonMobile და Chevron-ი. აქედან პირველმა 3,5 მლნ ბარელი შეიძინა, მეორემ — 3 მლნ ბარელი. აბსოლუტური შემთხვევითობაა, მაგრამ ამ ორი კომპანიის აშშ-ის ტერიტორიაზე განთავსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მექსიკის ყურის სანაპიროზეა გადაჭიმული — ტეხასიდან ფლორიდამდე.
ამერიკული მედია ძალიან უკმაყოფილოა და ჯო ბაიდენს კიცხავს იმ ფაქტისთვის, რომ დემოკრატიის საყრდენი რესურსებს იმ ქვეყნისგან ყიდულობს, რომელმაც „ჰაკერული თავდასხმა განახორციელა ამერიკულ გაზსადენ Colonial Pipeline-ზე და ძალიან მალე, აშშ-ის ნების საწინააღმდეგოდ, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობასაც დაასრულებს. ხელისუფლების დადანაშაულება სასიამოვნოცაა და მარტივიც, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტს უნდა გამოვესარჩლოთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელს, სხვა გზა უბრალოდ არ აქვს.
შეერთებული შტატები ჩვენ თვალწინ იმკის საკუთარი საგარეო პოლიტიკის ნაყოფს. ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში ბარაკ ობამამ ოფიციალურად უწოდა ვენესუელას „საფრთხე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, ხოლო დონალდ ტრამპმა 2018-2019 წლებში კარაკასს მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა. სანქციები იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ელექტრონული ვალუტით ყველანაირ ტრანზაქციას უკრძალავდა, რომლებიც პირადად ვენესუელის, ან მისი მთავრობის დავალებით იყო გამოშვებული. ცალკე იკრძალებოდა ოპერაციები ვენესუელური ოქროთი და სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-სთან თანამშრომლობა.
კარაკასმა, განიცადა რა არაერთი დანაკარგი, თავისი მიწოდებები ჩინეთისკენ გადაამისამართა, ხოლო ვენესუელური ნავთობის „ამოვარდნილმა“ ყოველდღიურმა 500 ათასმა ბარელმა ნავთობის გადამუშავებაში კრიზისი გამოიწვია აშშ-ის სამხრეთში. მაშინ ნავთობის ფასებმა ორიოდე თვეში ხუთწლიანი რეკორდი დაამყარა, მაგრამ ნედლეულის ფიზიკური დეფიციტის პრობლემები ამით მაინც ვერ გადაწყდა.
ეს იმიტომ, რომ იმავე 2018 წლის ზაფხულში ტრამპისეული ამერიკა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და თან სანქციებიც დაუწესა სპარსელების სანავთობე სექტორს. ირანის ნავთობის ექსპორტი ჩამოიშალა — დღე-ღამეში 1,5 მლნ ბარელიდან 500 ათას ბარელამდე დაეცა. ვაშინგტონი პოლიტიკურ გამარჯვებას ზეიმობდა, ხოლო აშშ-ის სამხრეთში სანავთობო კომპანიები რუსული და არაბული ნავთობის თითოეული ტანკერისთვის იბრძოდნენ.
მთელი საქმე ისაა, რომ რუსეთის, ვენესუელისა და ირანის ნავთობს საერთო მახასიათებელი აქვს. სამივე ქვეყანა ე.წ. მძიმე ნავთობს მოიპოვებს, რომელშიც დიდი რაოდენობით გოგირდი შედის. სწორედ ნედლეულის ასეთი ტიპისთვის აიგო გასული საუკუნის 80-იანი წლების ნავთობის ბუმის დროს სამხრეთის შტატების ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები. მაშინ არავის მოსდიოდა თავში აზრად, რომ ვენესუელური ნავთობი, რომელიც ათობით წლის განმავლობაში მდინარეებად მიედინებოდა ამერიკისკენ, ოდესმე შეიძლებოდა გამქრალიყო.
ჯო ბაიდენის გუნდს უბრალოდ არ აქვს გამოსავალი იმის გარდა, რომ რუსეთისგან პირველადი და მეორადი ნედლეულის მასობრივი შესყიდვების ნებართვა გასცეს, და თვალი დახუჭოს მოგონილ კიბერთავდასხმასა და გერმანიაში გაზსადენის აშენების სიჯიუტეზე.
რუსული საზოგადოების გარკვეული, მაგრამ სრულიად გასაგები ბოროტი სიხარულის კულისებს მიღმა კიდევ ერთი ფაქტი დარჩა შეუმჩნეველი: მსოფლიო ეკონომიკამ დამცავი პირბადე და ხელთათმანები მოიხსნა და მთელი ძალით ცდილობს დაკარგული პოზიციების, ბრუნვისა და შემოსავლების აღდგენას. ბოლო მონაცემებით, ნავთობის საშუალოდ შეწონილი ფასი წლის პირველ ნახევარში 64 დოლარი იყო ბარელზე, რაც 10 პროცენტით მეტია ერთი წლის წინანდელ მონაცემებზე. ბაიდენის ამერიკა ტრადიციულად დებს ფსონს ალტერნატიულ წყაროებზე და კანადასთან ნავთობსადენის ახალი ტოტის მშენებლობის გამო წაჩხუბებული ასე იხდის საკუთარი ქმედებებისთვის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში.
ცალკე განხილვას იმსახურებს რუსული მაზუთი. საწვავის ეს სახეობაც, ისევე, როგორც საწყისი ნავთობი, პრემიალური არ არის გოგირდის მაღალი შემცველობის გამო. მისი ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელი საზღვაო სავაჭრო ფლოტია, მაგრამ 2009 წელს რუსეთი ზღვის დაცვის საერთაშორისო კონვენციას შეუერთდა და იმ ხომალდების შემცირებაზე მოაწერა ხელი, რომლებიც მაზუთზე მუშაობს, ეტაპობრივად გადადის რა საწვავის უფრო ეკოლოგიურ სახეობაზე — გათხევადებულ ბუნებრივ აირზე.
რა თქმა უნდა, გადასვლის პროცესი ნელია და რამდენიმე ათწლეულზე გაიჭიმება, მაგრამ „ჭუჭყიანი“ რუსული მაზუთის გაყიდვა საკმაოდ გაძნელდა.
ახალი გამკაცრებული წესებით ბუნკერულ საწვავს მინიმალური რაოდენობის მავნე შენაერთები უნდა ჰქონდეს, რომელთა მოშორებაც მხოლოდ დამატებითი გადამუშავებითა და გაწმენდითაა შესაძლებელი. რუსეთში მსგავსი საწარმოო დანადგარები არც ისე ბევრია, ძვირია და საწარმოების გადაიარაღებაც სწრაფად არ მიმდინარეობს.
მსოფლიო რუკის მეორე მხარეს შეერთებული შტატებია, რომელსაც ძალიან სჭირდება ნედლეული საკუთარი საწარმოებისთვის. იმდენად სჭირდება, რომ მზად არის, არა მარტო გადაუხადოს ამ ჯიუტ რუსებს, არამედ ირიბად დაასპონსოროს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი დარგის ტექნიკური გადაიარაღებაც.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს