თუ მიღებულ ქულებს არ ეთანხმებით: იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება

აბიტურიენტებმა სამი სავალდებულო გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი – შერჩევით.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აპელაცია 6 აგვისტოდან დაიწყება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
ეროვნული გამოცდები 201-მა ინფიცირებულმა აბიტურიენტმა ჩააბარა
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდების საბოლოო შედეგები საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ გამოქვეყნდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებისა და სტუდენტების სააპელაციო განაცხადების მიიღება დაიწყება 6 აგვისტოს 10:00 საათიდან და 10 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. სააპელაციო განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით და მის შესავსებად აბიტურიენტი უნდა ეწვიოს ვებ-გვერდებს online.naec.ge და www.naec.ge.
გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქციასაც აქვეყნებს
– აპელაციისთვის განკუთვნილ ბმულზე გადასვლის შემდეგ შესაბამის ველში აბიტურიენტმა უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი;
– მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროს ღილაკს „შესვლა“, შემდეგ კი „განაცხადის შევსება“;
– საგნის მითითების შემდეგ აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს დავალებები. თუ გსურთ გაასაჩივროთ მთელი ნაშრომი, უნდა მონიშნოთ ყველა დავალება; 
– თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას სისტემა ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა;
– დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“ 10 აგვისტოს 18:00 საათამდე.
„აბიტურიენტმა ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოს შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნოს განაცხადი“, – აღნიშნულია განცხადებაში. 
აბიტურიენტთა გამოცდების ძირითადი სესიები სრულდება: როდის გამოცხადდება ქულები
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი შედეგის გასაჩივრების ღირებულება 50 ლარია, შეფასების ცვლილების შემთხვევაში კი (დაკლების ან მომატების) თანხა უკან ბრუნდება. გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
ცენტრის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ან სტუდენტს განაცხადი უკვე გაგზავნილი აქვს და გაუჩნდა დავალების ან საგნის დამატების სურვილი, უკვე გაგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოს წერილობით. გაუქმების თაობაზე უნდა მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (თბილისი, ე. მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს). მათ გაუქმების შემდეგ განმეორებით მიეცემათ უფლება გააკეთონ ახალი სააპელაციო განაცხადი აპელაციისათვის დადგენილ ვადებში.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.