დავით ზალკალიანი ბელგიას AstraZeneca-ს ვაქცინის საჩუქრად გადმოცემისთვის მადლობას უხდის 

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს 2021 წლის ბოლომდე საერთო ჯამში 4 მლნ დოზა ვაქცინას გადასცემს. 
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი ბელგიის სამეფოს საქართველოსთვის AstraZeneca-ს ვაქცინის საჩუქრად გამოცემისთვის მადლობას უხდის.
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის მორიგი პარტია შემოვიდა>>
დღეს ცნობილი გახდა, რომ ბელგია საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის 86.400 დოზას საჩუქრად გადმოსცემს.
„მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა სოფი ვილმესს და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი AstraZeneca-ს ვაქცინის 86.400 დოზისთვის. თქვენი მხარდაჭერა პანდემიის რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.
პირველ ტაპზე  AstraZeneca-ს ვაქცინების 168 ათასი დოზა უკრაინაში გაიგზავნება, შემდეგ კი საქართველო, სომხეთი და კოსოვო 225.600 დოზა ვაქცინას  მიიღებენ.
ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელგია ვაქცინებით დაეხმარება ასევე აფრიკის, დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ სამეზობლოსა და სამხრეთ ევროპის ქვეყნებს.
საქართველო ბელგიისგან საჩუქრად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს
4 მლნ ვაქცინის დოზა ბელგიას ფარმაცევტული კომპანიების რეზერვებიდან აქვს შეძენილი. დოზები სხვადასხვა პლატფორმის, მათ შორის COVAX-ის , გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და GAVI-ის დახმარებიით გადანაწილდება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანამ 1 მლნ დოზა Sinopharm-ისა და Sinovac-ის  ვაქცინა მიიღო.
ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და იმუნიზაციის პროცესში 18 წელს ზემოთ პირები ჩაერთვნენ.  ამჟამად საქართველოში 16 წელს ზემოთ პირების აცრა დასაშვებია Pfizer-ის ვაქცინით. 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ აირჩიონ  Pfizer, AstraZeneca, Sinopharm ან Sinovac.
აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება გასამმაგდეს – იმნაძე>>
ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 542.639 აცრა. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 171.908 ადამიანი.