წამლების ფასები გადაიხედება – პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სამკურნალო პრეპარატებზე ფასები მართლაც ძალიან მაღალია და მან პირობა დადო, რომ სერიოზულად შეისწავლიან საქართველოს ფარმაკოლოგიურ ბაზარზე წამლების ფასწარმოქმნის საკითხს.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. წამლების ფასები საქართველოში ძალიან მაღალია და ამ მიმართულებით შესაბამისი ზომების მიღებაა საჭირო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
„ჩვენს მოსახლეობას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია აწუხებს. ქვეყანაში წამლების ფასები ძალიანაა გაზრდილი... არ მინდა წინასწარი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ კომპანიები ზოგიერთ წამალს 300-400%-იან ფასნამატს ადებენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მსგავსი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საკითხი კარგად უნდა იყოს შესწავლილი, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება მოსახლეობის კეთილდღეობას.
თუ კლინიკა კოვიდპაციენტს მედიკამენტის ყიდვას მოსთხოვს: მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებზე ფასები 32,15%-ით გაიზარდა. ასევე გაიზარდა ფასები გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო წამლებზე, თერმომეტრებზე, ტონომეტრებზე და ა.შ. ფასებმა მკვეთრად მოიმატა ვიტამინებზეც, რომლებზეც პანდემიის პერიოდში დიდი მოთხოვნაა.
პრემიერის განცხადებით, ის ესაუბრა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს და სააგენტო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს უახლოეს დღეებში წარმოადგენს.