არასამთავრობოები: მიშელის შეთანხმებიდან გასვლა წარმოადგენს უარს ევროატლანტიკურ კურსზე

ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ კომპრომისულ დოკუმენტს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ხელი 19 აპრილს მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციები 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით  მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელ განცხადებას ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს ევროატლანტიკურ კურსზე.
ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს
დღეს ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ" უარი განაცხადა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა.
როგორც არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს უარს დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის გზა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ და ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, რასაც „ქართული ოცნება“ მზადაა შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს 21 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის: „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI Georgia), „ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ (Shame movement), „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC), „საზოგადოება და ბანკები“ და სხვ.
„ოცნება" ფსონს ზრდის: ხმების 53%-ის მიღების შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული არ ყოფილა. პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პარტია მზადაა დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები არა ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც, თუ ოპოზიცია კონკრეტულ პირობას შეასრულებს, და ეს იქნება ხელისუფლების კეთილი ნება.
ამ დოკუმენტზე ხელმოწერაზე დღემდე უარს აცხადებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“ და „ევროპული საქართველო“.