საეკლესიო კალენდარში 25 ივლისი ასევე არის ღირსთა მამათა ჩვენთა ათონელთა - იოანესი, ექვთიმეს მამისა, გაბრიელის, მოწამეთა პროკლეს და ილარიონის; ღირსი მიქაელ მალეინის, ; მოწამე გოლინდუხას ნათლისღებით მარიამის ხსენების დღეც.
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი "ტრიხერუსა" ანუ "სამხელიანი"
ისტორია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი ხატისა, რომელსაც ტრიხერუსა (სამხელიანი) ეწოდება, მჭიდროდ უკავშირდება ხატთაყვანიცემის დიდი ქომაგისა და ქრისტიანული ჰიმნოგრაფიის თვალსაჩინო წარმოამადგენლის, იოანე დამასკელის სახელს.
730 წ. ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა გამოსცა ედიქტი, რომელიც ხატთა თაყვანისცემას კრძალავდა. ამ ბრძანებას შედეგად ქრისტიანების რბევა-შევიწროვება მოჰყვა. კონსტანტინეპოლის პატრიარქი გერმანე სამშობლოდან გააძევეს, სკოლები დახურეს, დედაქალაქის უმდიდრესი ბიბლიოთეკა გადაწვეს. მაშინ როცა ხატმებრძოლი იმპერატორის მიერ მართლმადიდებლები დაუნდობელი სისასტიკით იდევნებოდნენ, წმ. იოანე დამასკელმა ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა ეკლესიის დასაცავად. პირველივე სიტყვაში, რომელიც მან ხატთა თაყვანისცემის დასაცავად წარმოთქვა, წმიდა წერილისა და წმიდა გადმოცემის საფუძველზე შესანიშნავად გახსნა საეკლეისიო დოგმატი ხატების თაყვანისცემის შესახებ. მისმა მართლმადიდებლური რწმენისადმი წმიდა სიყვარულით შთაგონებულმა სიტყვამ, იმათი გულიც კი შესძრა, რომელნიც ჭეშმარიტებას აქტიურად ეწინააღმდეგობდნენ. როცა ერეტიკოსები მიხვდნენ, რა საშიშროებას უქმნიდა ცრუ სწავლებას იოანე დამასკელი, ყოველი ღონით შეეცადნენ ცილისწამებით დაემცირებინათ სახელი დიდი მქადაგებლისა.
იმპერატორმა ლეონმა მეგობრული წერილი გაუგზავნა დამასკოს ხალიფას, რომელშიც წმ. იოანეს ხალიფას ღალატში სდებდა ბრალს. კერძოდ, იგი წერდა, რომ იოანე მზად იყო ჩაებარებინა იმპერატორისათვის ჯერ დამასკო, ხოლო შემდეგ მთელი ამ მხარის დაპყრობაში დახმარებოდა. რაზედაც იგი თითქოსდა უარით პასუხობდა, რადგან დამასკოს მმართველთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება სურდა. წერილს ლეონმა თან დაურთო ხელნაწერი, რომელიც თითქოსდა ბიზანტიის იმპერატორს წმ. იოანემ გაუგზავნა.
განრისხებულმა ხალიფამ საქმის გამოუძიებლად, ისე რომ არ შეისმინა იოანეს ვედრება, მიეცათ მისთვის დრო თავის გასამართლებლად, წმიდანისათვის იმ მარჯვენის მოკვეთა ბრძანა, რომლითაც მან თითქოსდა ბიზანტიის იმპერატორს წერილი გაუგზავნა. ბრძანება მყისვე შეასრულეს და მოკვეთილი მარჯვენა სხვათა დასაშინებლად საქვეყნო ადგილზე გამოფინეს.
საღამოთი, როცა ხალიფას მრისხანება შედარებით დაცხრა წმ. იოანემ მეგობრების მეშვეობით სთხოვა მოკვეთილი მარჯვენის მიცემა, რათა დაემარხა. ხალიფა დათანხმდა. შუაღამისას წმ. იოანე სამლოცველო ოთახში ჩაიკეტა, მოკვეთილი მტევანი მკლავს შეუერთა და მუხლებზე დავარდნილი მხურვალეს შეევედრა ღვთისმშობელს გაემთელებინა ხელი, რასაც იგი ღვთის სადიდებელი საგალობლის შექმნისთვის გამოიყენებდა.
ხორციელად ნაწამებსა და სულიერი მღელვარებით გადაქანცულ იოანეს ღვთისმშობლის ხატის წინ ჩაეძინა. ძილში მას დედა ღვთისა ეჩვენა, რომელიც ლმობიერი თვალებით უყურებდა, და უთხრა: „აი, ხელი შენი გამრთელდა; მეტად ნუღარ სწუხარ, არამედ შეასრულე ის, რასაც ლოცვაში შემპირდი.“ წმ. იოანეს გამოეღვიძა და სასწაული იხილა: მოკვეთილი მტევანი მაჯასთან მიერთებოდა. მხოლოდ წვრილი ვარდისფერი ზოლიღა მოაგონებდა გადატანილ ტანჯვას.
მადლიერების გრძნობით აღსავსე წმ. იოანემ ბრძანა გაეკეთებინათ ვერცხლის ხელი და იგი მისი ქომაგის ხატზე მიემაგრებინათ, რის გამოც ამ ხატს ტრიხერუსა (სამხელა) ეწოდა.
ამ სასწაულმა მოსახლეობასთან ერთად ხალიფაც დაარწმუნა იოანეს უდანაშაულობაში
ღირსნი მამანი ჩვენნი, ათონელნი: იოანე - ექვთიმეს მამა და გაბრიელი
საქართველოს სამოციქულო ეკლესია ერთად იხსენებს წმიდა ათონის მთაზე ქართველ სასულიერო მოღვაწეთა სავანის დამაარსებელ მამებს - ღირს იოანესა და გაბრიელს.
ნეტარი მამა იოანე (ერისკაცობაში ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი) დაიბადა სამცხეში დაახ. 920 წელს. წმიდანის მამა, საქართველოს მეფის დავით კურაპალატის კარზე დაახლოებული დიდებული იყო. იოანეს ბავშვობიდანვე საუკეთესო განათლება მიაღებინეს
მაგრამ მან ქრისტეს სიყვარულის გამო დატოვა ამქვეყნიური დიდება, პატივი, ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები და ფარულად მიაშურა ლავრას დიდებულთა ოთხთა ეკლესიათა.
მამა იოანეს ცოლ-შვილი მოსავლელად სიმამრმა აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს. როდესაც მეფის კარზე გაიგეს იოანეს მონაზვნად აღკვეცის ამბავი, ის მამების კურთხევით საბერძნეთში გაემგზავრა და ულუმბოს მთის ერთ-ერთ მონასტერში შეუდგა მოღვაწეობას.
ამასობაში საბერძნეთის იმპერატორმა ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სანაცვლოდ, ერთგულების ნიშნად, ამ ქვეყნებიდან აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად. მამა იოანეს ნათესავებმა სხვებთან ერთად იოანეს ძე - ექვთიმეც მიჰგვარეს ბერძენთა მეფეს. იოანემ ეს რომ გაიგო, კონსტანტინოპოლს წავიდა და იმპერატორს გამოსთხოვა თავისი შვილი, სიმამრსაც უსაყვედურა: „რაჲ არს ესე? ნუუკუე შვილი არა გესხნესა თქუენ? გარნა ესე ხცად არს, რომელი მათ სწყალობდით, ვითარცა თჳსთა შვილთა და ძე ჩემი, ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ! გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ!“
მამა იოანემ თავისი ძე, ყრმა ექვთიმე (ხს. 13 მაისს) წაიყვანა და რამდენიმე სხვა მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა
წმიდა იოანესთან მივიდა ცნობილი ქართველი მხედართმთავარი თორნიკე ერისთავი (ხს. 12 ივნისს), ბერად აღიკვეცა იოანეს სახელით და წმიდა ათანასეს კურთხევით ლავრაში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ.
ორი ღირსეული მამის მოღვაწეობამ ისე მოამრავლა მთაწმინდაზე ქართველები, რომ წმიდა იოანემ და თორნიკემ თავს იდვეს ახალი ეკლესია-მონასტრების აშენება. სულ მალე ათონზე ორი ეკლესია აშენდა: ერთი - ღვთისმშობლისა, მეორე კი - იოანე ნათლისმცემლის სახელზე. ღირსმა მამებმა მთაწმინდის სხვა ეკლესია-მონასტრებსაც გაუწოდეს დახმარების ხელი.
თორნიკეს გარდაცვალების შემდეგ მამა იოანეს წმიდა მთაზე ჩამოვარდნილი შუღლის გამო იქ ცხოვრება გაუძნელდა და გადაწყვიტა, რამდენიმე მოწაფესთან ერთად სხვაგან წასულიყო სამოღვაწეოდ, მაგრამ ბერძენთა მეფის თხოვნით ისევ ათონზე დარჩა.
მამა იოანე ნეკრესის ქარებით დაავადდა და „მრავალთა წელთა ცხედართა ზედა დავრდომილი მდებარე იყო და ფრიადთა ტკივილთა მოითმენდა“. სიკვდილის წინ მან იხმო თავისი შვილი წმიდა ექვთიმე და მონასტრის წინამძღვრობა გადააბარა
წმიდა გაბრიელ ქართველი ათონის მთაზე მოღვაწე ბერი იყო, ის ზაფხულობით მიუვალ კლდეებში ცხოვრობდა, ხოლო ზამთრობით სავანეში ჩადიოდა და იქაც მდუმარების ღვაწლში იმყოფებოდა, მარადჟამს ძაძა ემოსა და ბალახით იკვებებოდა, იყო ჭეშმარიტად კაცი ზეცისა და ანგელოზი ქვეყნისა.
როგორც ვარაუდობდნენ წმიდა გაბრიელ ქართველი, ერისკაცობიდანვე იცნობდა წმიდა იოანე და იოანე-თორნიკეს, ისიც დიდებულთა გვარიდან იყო, წმიდა გაბრიელმა იმდენად განაგდო მისგან ყოველივე ამქვეყნიური, რომ მისი ცხოვრებიდან ჩვენც მხოლოდ მისი მოღვაწეობის ზოგადი სახე და მსოფლიოსთვის ცნობილი სასწაულების შესახებ ვიცით მხოლოდ.
გადმოცემის თანახმად როდესაც ათონელმა ბერებმა ზღვაზე ნათელი სვეტი იხილეს. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ, ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ზეციური ნათელი ღვთისმშობლის ხატს ადგა. მამები ნავით შევიდნენ ზღვაში, მაგრამ როცა მიუახლოვდნენ, „შორს ივლტოდის ბრწყინვალება იგი მათგან და იყვნენ მჭმუნვარე ამისთვის“. ბერები ლოცვად დადგნენ და უფალს შეჰღაღადეს, გამოეცხადებინა თავისი წმიდა ნება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმიდა ხატის გამოყვანებისა.
წმიდა მოწამენი: პროკლე და ილარიონი
წმიდა მოწამენი პროკლე და ილარიონი ანკვირიის მახლობლად მდებარე სოფელ კალიპტიდან იყვნენ. ისინი იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ მოწამეობრივად.
ღირსი მიქაელ მალეინი
ღირსი მიქაელ მალეინი (ერობაში - მანუელი) მალეინების ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო და იმპერატორ ლეონ VI ბრძენს (886-912) ენათესავებოდა. იგი დაახლოებით 894 წელს დაიბადა კაბადოკიაში. სიჭაბუკეში მანუელი კონსტანტინოპოლში გაგზავნეს სამეფო კარის ზნე-ჩვეულებათა შესათვისებლად, საღვთო შურით აღძრულმა ყმაწვილმა კი ფარულად მიაშურა ბითვინიას, კიმინის მთაზე მდებარე სავანეს, სადაც მოღვაწების გაოკვეული დროის შემდეგ მოძღვარმა - იოანე ელადელმა მიქაელის სახელით აღკვეცა ბერად. მშობლები მეტად შეურაცხყო შვილის ამ საქციელმა, ძალით წაიყვანეს იგი შინ, მაგრამ ბერობის დატევებაზე ვერ დაითანხმეს. ჭაბუკი მოსაგრე კვლავ დაუბრუნდა მონასტერს, სადაც მეტრაპეზედ დანიშნეს. ღირსი მამა თავად ამზადებდა საჭმელს, რეცხავდა ჭურჭელს, დაუზარლად აღასრულებდა სხვა ამგვარ საქმეებს... მთელ დღეებს კვართის ამარა, ფეხშიშველი ატარებდა, ღამღამობით, ზამთარშიც კი, ფიცრებზე ეძინა... როცა ორი წლის შემდეგ მამამ მიქაელი იხილა, მეტად გაიხარა და ასე მიმართა: „გაფრთხილდი, შვილო, ნურასოდეს განუდგები უფალს, რომელიც მშობლებზე და ამსოფელზე მეტად შეიყვარე!“ მალე წმიდანის მამა გარდაიცვალა, დედა მონაზვნად აღიკვეცა და კეთილმსახურებაში შეჰვედრა სული უფალს. მემკვიდრეობით მიღებული ქონების ნაწილი ნეტარმა გლახაკებსა და განთავისუფლებულ მონა-მხევლებს დაურიგა, ნაწილი კი - მონასტერს შესწირა
წმინდანი მკაცრი თავშეკავების მაგალითს იძლეოდა- მკაცრად მარხულობდა, ხორცს მხოლოდ მძიმე სნეულებისას, საღვთო დღესასწაულებზე, ან დიდებული სტუმრების მასპინძლობის დროს აძლევდა განსვენების ნებას. ბერობის პირველ წლებში იგი დღეგამოშვებით იღებდა საზრდელს, შემდეგ - ხუთ დღეში ერთხელ, ბოლოს კი, თორმეტ დღეში ერთხელ; იკვებებოდა მხოლოდ მცენარეულით; როცა ჯანს არ უჩიოდა, სკამზე მჯდომს ეძინა, სნეულებისას კი - მაგარ საწოლზე. ნეტარს ძლიერ უყვარდა დღესასწაულები, განსაკუთრებით - საუფლო და ღვთისმშობლისა, ამ დღეებში ღამისთევის ლოცვებზე სიხარულით ატაცებული გალობდა ხოლმე. წმიდა მიქაელი ღირსი ათანასეს (ხს. 5 ივლისს) მოძღვარი იყო.
წმინდანმა 962 წელს შეჰვედრა სული უფალს. მის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.
წმიდა გოლინდუხა, წმიდა ნათლისღებით - მარიამი
წმიდა გოლინდუხა, ნათლისღებით - მარიამი, სპარსეთში ცხოვრობდა ხოსრო I უფროსის მეფობისას. იგი სამეფოს მთავარი ქურუმის მეუღლე იყო.
ნათლობის შემდეგ მარიამმა დატოვა ქურუმი ქმარი, ამ უკანასკნელმა კი მეფესთან დაასმინა გაქრისტიანებული მეუღლე. გოლინდუხას თავად ხოსრო, მისი დიდებული კარისკაცები და დიდგვაროვანი ქალბატონები დიდხანს შეაგონებდნენ, დაბრუნებოდა ოჯახს, მაგრამ წმიდანის გადაწყვეტილება ურყევი რჩებოდა. მაშინ მეფემ ნეტარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და მარიამმაც თვრამეტი წელი დაჰყო სატუსაღოში.
როცა ბიზანტიის იმპერატორის, მავრიკიუსის დახმარებით ხოსრო II ავიდა ტახტზე და სპარსეთში ქრისტიანთა დევნა შეწყდა, წმიდა მარიამ-გოლინდუხამ დაუფარავად დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება. სიცოცხლის მიწურულს მან მოილოცა იერუსალიმი, თაყვანი სცა მაცხოვრის საფლავს და სხვა წმიდა ადგილებს, უკან გამობრუნებულმა კი ნიზიბიაში, წმიდა მოწამე სერგის სახელობის ტაძარში შეჰვედრა სული უფალს (+591).
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.