ლიეტუვას ნაჩუქარი AstraZeneca-ს ვაქცინის 15 ათასი დოზა საქართველოშია

ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვისთვის გამოიყო.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ლიეტუვამ საქართველოს საჩუქრად გადასცა AstraZeneca-ს ვაქცინის 15 ათასი დოზა, იუწყება „პირველი არხი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვის ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ.
ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვისთვის გამოიყო.
აშშ-ის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია
ვაქცინებისთვის ლიეტუვის მთავრობას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა.
„ლიეტუვის მთავრობის მიერ გამოყოფილი, AstraZeneca-ს ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახან ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!“ – წერს ზალკალიანი Twitter-ში.
AstraZeneca-ს მესამე პარტია (43.200 დოზა) COVAX-პლატფორმის მეშვეობით საქართველომ 10 ივლისს მიიღო. მანამდე საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინა ორჯერ, მარტსა და მაისში მიიღო – ჯამში 86 ათასი დოზა. გარდა ამისა, ავსტრიის მიერ საქართველოს საჩუქრად გადაეცა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის 5 ათასი დოზა, რომელიც თბილისში 5 ივლისს ჩამოვიდა. ასევე, საქართველო რუმინეთისგან საჩუქრად 10 ათას დოზა AstraZeneca-ს მიიღებს.
ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე AstraZeneca-s ვაქცინით სამედიცინო პერსონალი იცრებოდა.
ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სია გაფართოვდა: ვინ ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით 18 წელს ზემოთ პირები იცრებიან, ხოლო Pfizer-ით - 16 წლიდან.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 391.781 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 136.734 ადამიანი.