გახარიას პარტია ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვებისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებს

ყოფილი პრემიერის განცხადებით, მათი პარტიის თბილისის მერობის ღირსეული კანდიდატი „ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ღირსეულ კანდიდატებს“.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" ადგილობრივ არჩევნებზე სხვა რომელიმე პარტიებთან კოალიციაში შესვლას არ აპირებს, განაცხადა პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ.
ნიკა მელია ოპოზიციის საერთო კანდიდატი არ არის: ოპოზიციის და მმართველი პარტიის რეაქციები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. ცესკო ასევე დაითვლის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხმებს და თუ პარტია პროპორციული ხმების 43%-ს ვერ დააგროვებს, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
„თბილისის მერის არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსებში და კოალიციებში ჩვენ შესვლას არ ვაპირებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ და დასძინა, რომ კანდიდატის სახელისა და გვარის დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
უკვე ცნობილია, რომ პარტია თბილისის მერის პოსტზე განიხილავს საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის არჩილ არველაძის კანდიდატურას. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერჯერობით არ არის და მერის თანამდებობაზე ასევე შესაძლოა განიხილონ თავად ექს-პრემიერ გიორგი გახარიას კანდიდატურა. პარტია კანდიდატის ვინაობას მაქსიმალურად გვიან გაამხელს.
„მაქსიმალურად, თითქმის ბოლო დღემდე გამოვიყენებთ დროის რესურსს იმისთვის, რომ ჩვენი კანდიდატი იყოს ღირსეული, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ღირსეულ კანდიდატებს“, – განაცხადა გახარიამ.
ლეიბორისტულ პარტიას არჩევნებზე მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება
შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, მათმა პარტიამ რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნას მერობის კანდიდატურა დედაქალაქში, გახარიამ განაცხადა: „არ ვუშვებ ასეთ ალბათობას“.
გახარიამ აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ეყოლება მერობის ღირსეული კანდიდატი, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს ქალაქის და ქვეყნის წარმატებული მომავლისთვის.
„თქვენ ნახავთ და დარწმუნებული ვარ, მოგეწონებათ პარტია „საქართველოსთვის“ როგორც მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები, ასევე საკრებულოებში სიები, ეს იქნება ახალგაზრდა, კომპეტენტური და კეთილსინდისიერი ხალხის ნაკრები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიეცა საშუალება უფრო ახლოს ყოფილიყო ხალხთან, რისი საშუალება პრემიერობის დროს არ მიეცა, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას ის „სხვა გზებით დაჰყავდა“.
„თანამდებობაზე რომ ხარ, როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლება იმ გზებით გატარებს, რომლებიც უნდა და ახლა, შენ თვითონ Google Maps-ით რომ დადიხარ, სულ დანგრეულ გზებზე გიწევს სიარული. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ჩემს თავს ვაკრიტიკებ ახლა ამით და ამას მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გახარიამ.
ნიკა მელია თბილისის მერობის, ელენე ხოშტარია კი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია
ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დაასახელა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მოძრაობა „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას კანდიდატურა დასახელდა, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი ვიცე–მერობისთვის იბრძოლებს. აღნიშნულ კანდიდატურებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი უჭერს მხარს.
ცნობილია, რომ ნიკა მელია ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვერ იქნება - „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ამ დროისთვის მხოლოდ საკუთარი პარტიისა და საარჩევნო ბლოკში „ნაციონალური მოძრაობა–ძალა ერთობაშია" შემავალი ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერა და მანდატი აქვს.
ნიკა მელიას კანდიდატურასთან დაკავშირებით გახარიამ განაცხადა, რომ ის არის „ყველაზე ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ“.
„მინდა, „მივულოცო“ ეს „ქართული ოცნების“ დღევანდელ ბოსებს, როგორ მოახერხეს, რომ 20 ივნისს, ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმს ახორციელებდა და მოქალაქეებს, ახალგაზრდებს მოუწოდებდა პარლამენტში შეჭრისკენ, დღეს გამოდის და თბილისის მერობის ოფიციალური კანდიდატია. ამას მოხერხება სჭირდებოდა და ეს მხოლოდ უსუსურ „ქართულ ოცნებას“ შეეძლო, მოეხერხებინა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თავდამსხმელი VS მცველი: ვინ იქნება გახარიას პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი
რაც შეეხება მმართველ პარტიას, რომელმაც თბილისის მერის არჩევნებზე ძლიერი და მეტად პოპულარული კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე წარადგინა, ის თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის ალბათობას არც კი განიხილავს. მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.
„ქართული ოცნება" არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მმართველი გუნდი ოქტომბრის არჩევნებზე ხმების 48%-ის მიღებას აპირებს.