თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ის შემდეგ პარტიაზე რეგისტრაციის ასაკმა 18-დან 16 წლამდე დაიწია, შესაბამისი ცვლილება „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს შეიტანა.
როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, საქართველოში Pfizer-ის შემთხვევაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში. Pfizer-ით ვაქცინაცია ორ ეტაპად ხორციელდება. პაციენტმა ვაქცინის მეორე დოზა 21 დღის შემდეგ უნდა გაიკეთოს.
აქამდე Pfizer-ით ვაქცინის გაკეთება 18 წელს ზემოთ პირებისთვის იყო ნებადართული.
Pfizer-ის ვაქცინა ეფუძნება ახალ ტექნოლოგიას, რომელიც ადამიანის უჯრედებისთვის გენეტიკური ინსტრუქციების მისაწოდებლად სინთეტიკური mRNA-ს (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) მოლეკულებს იყენებს.
მწარმოებლის ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს. კერძოდ, Pfizer-ის ვაქცინა კორონავირუსთან საბრძოლველად იმუნური სისტემის გააქტიურებისთვის ახალ მიდგომას იყენებს.
ვაქცინების უმრავლესობას ორგანიზმში დასუსტებული ან მკვდარი ვირუსი, ან მისი ნაწილი შეჰყავს, რაც იმუნურ სისტემას ნამდვილ ვირუსთან საბრძოლველად ამზადებს. Pfizer-ის ინექციას კი კორონავირუსის ნაწილის გენეტიკური ინსტრუქცია შეჰყავს. პაციენტის მკლავში შეყვანისას კუნთის უჯრედები ვირუსის ნაწილებს თვითონ წარმოქმნიან.
საქართველომ ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის Pfizer-ის პირველი პარტია (29.500 დოზა) 25 მარტს მიიღო, ვაქცინის მეორე პარტია – 28 ათასი დოზა კი 14 ივლისს შემოვიდა. Pfizer-ის მესამე პარტია ქვეყანაში ივლისის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. სულ საქართველომ აღნიშნული პრეპარატის 1 მილიონზე მეტი დოზა უნდა მიიღოს. გარდა ამისა, საქართველო Pfizer-ის ნახევარ მილიონ დოზას აშშ-დან დონაციის ფარგლებში მიიღებს.
ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 16 ივლისიდან სამი ქალაქის – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შვიდ კლინიკაში დაიწყო. ესენია: „ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო", „კავკასიის მედიცინის ცენტრი", „ამტელ ჰოსპიტალი", „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა", „ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი", ბათუმის „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" და ქუთაისის „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი".
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 374.685 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) აცრილია 133.648 მოქალაქე.