ღარიბაშვილი: 2.616 შემთხვევა ძალიან საგანგაშოა, ყველაფერი წყალში ჩაიყრება

ეპიდემიოლოგების აზრით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია.
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაუარესებულ ეპიდსიტუაციას აფასებს და მოსახლეობას პირბადის ტარებისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა დღეს ახალ პიკს მიაღწია: ბოლო 24 საათში ჩატარებული 36.375 ტესტირებიდან კორონავირუსის 2.616 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ამ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი – 1.557 თბილისში დაფიქსირდა.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ დღეს დაფიქსირებული კორონავირუსის 2.600-ზე მეტი ახალი შემთხვევა უკვე საგანგაშოა.
„ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ ჩვენ ისევ შეზღუდვების შემოღება მოგვიწია. ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდა. ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს შემდეგ ისევ ჩაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და იქნება გაუსაძლისი მდგომარეობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, გუშინ 11 ათასი აცრა ჩატარდა, რაც საკმარისი არაა და მან მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ აიცრათ. ჩვენ მეტს ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ. აცრილებში დაინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობა არის პრაქტიკულად განულებული“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ფხაკაძე: გადადეთ სწავლის დაწყება სკოლებში ოქტომბრამდე
ამჟამად საქართველოში თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
ასევე ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR–ტესტირების საფუძველზეა შესაძლებელი. ასევე აკრძალულია ბანაკის ტიპის შეკრებები. გარდა ამისა, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR–ტესტირების საფუძველზე.
როგორი იქნება ლეტალობის მაჩვენებელი მოსახლეობის 70%-ის აცრის შემდეგ: კულუმბეგოვის პროგნოზი>>
სულ საქართველოში აცრილია 368.179 ადამიანი. ორივე დოზა გაკეთებული აქვს 132.207 ადამიანს.
პანდემიის დაწყების დღიდან საქართველოში ინფიცირების 390.945 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 367.130 ადამიანი, გარდაიცვალა 5.592 პაციენტი.