თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. პურის გაძვირების მიზეზი სახელმწიფო სუბსიდირების დასრულების შემდეგ მწარმოებლებისთვის ნედლეულზე ფასების ზრდაა, ამის შესახებ პურის მცხობელთა ასოციაციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პირველ ივლისს საქართველოში დასრულდა ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან პურის ფასის ზრდას აკავებდა.
„შეთანხმება იყო, რომ სუბსიდირებული ერთი ტომარა ფქვილი წარმოებას 53 ლარად მიეწოდებოდა. დღეს ფქვილის ღირებულება არის 60-61-62 ლარი, ზუსტად ეს განსხვავებაა წარმოებისთვის აუცილებელი, რომ პურის წარმოების თვითღირებულებაში ჩაჯდეს და მისი რენტაბელობიდან გამომდინარე 10-თეთრიანი სხვაობა აქედან გამომდინარეობს“, - განმარტა დოლიძემ.
ამასთან, დოლიძის განცხადებით, უცხოური ვალუტის კურსის სხვაობის პარალელურად მოიმატა პურის გასაკეთებლად საჭირო დამხმარე მასალების ფასმაც, მათ შორის, ენერგომატარებლების, წყლის, საფუარის, საწვავის ფასებმა და გაიზარდა დისტრიბუციის ხარჯებიც.
„ჩვენ მოვუმატეთ ათი თეთრი, მაგრამ არ ვარ პასუხისმგებელი მაღაზიებზე. ზოგმა საკუთარი შეხედულებისამებრ შეიძლება ცოტა მეტი ფასიც დაადოს, რაც ვთვლი, რომ არასწორი იქნება მათი მხრიდან, თუმცა ეს არ არის გამორიცხული”, – განაცხადა პურის მცხობელთა ასოციაციაციის თავმჯდომარემ.
დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელია, პურის ფასი ამ ნიშნულზე შეჩერდეს და არ მოიმატოს, რადგან საქართველოში ხორბლის მოსავალი წელს განსაკუთრებით მაღალია, ასევე ქვეყანაში შემოსულია და უახლოეს მომავალში კიდევ შემოვა დაბალი ღირებულების ხორბალი.
„ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხი თვის განმავლობაში, 31 მარტის ჩათვლით, სახელმწიფო სუბსიდია ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე 10, შემდეგ კი 15 ლარს შეადგენდა. შემდეგ სუბსიდირების ვადა 1 ივლისამდე გაგრძელდა და სუბსიდიის თანხაც 20 ლარამდე გაიზარდა.
წისქვილკომბინატებისთვის დაწესებული იყო ფიქსირებული ფასი – 53 ლარი პირველი ხარისხის ფქვილის 50 კგ-იან ტომარაზე. ანუ იმ წისქვილკომბინატებს, რომლებიც პურის ქარხნებს პირველი კატეგორიის ფქვილის ერთ ტომარას 53 ლარად მიჰყიდიდნენ, მთავრობა სუბსიდიას უხდიდა.