თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მისი ეს ქმედება „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას უკავშირდება, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს სასტიკად გაუსწორდნენ.
ელენე ხოშტარია მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
„წითელ საღებავსაც მიიღებენ, პროტესტსაც მიიღებენ და მოუწევთ ყველაფერზე პასუხისგება. სიტყვები ზედმეტია ამ სიტუაციაში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ტელეკომპანია „ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ საწოლში გარდაცვლილი დედამ ნახა.
მიმდინარე წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
5 ივლისს მას ოპერაცია ჩაუტარდა, სამი დღის შემდეგ ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გაწერეს. გუშინ ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. დანიშნულია შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მისი ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ლაშქარავას პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.
ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ ლგბტ–საზოგადოების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს ძალადობა განხორციელდა მასმედიის 53 წარმომადგენლის მიმართ. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი. ამ მომენტისთვის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთაგან უკვე 21 პირს სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე პატიმრობა შეეფარდა.
ხოშტარიამ 2020 წლის ბოლოს ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დატოვა და მარტში ახალი პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დააარსა. მისი თქმით, ახალი მოძრაობის მიზანია ქვეყანაში კორუფციასთან და უსამართლობასთან ბრძოლა.