სალომე ზურაბიშვილი: ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს

პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში და რადიკალური ქმედებებით ხელი არ შეუწყონ ძალადობის პროვოცირებას.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები დაგმო.
საყურე ეკეთა – თბილისის ცენტრში უცხოელს თავს დაესხნენ
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ სექს-უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო. „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოვიდნენ კონსერვატიულად განწყობილი რადიკალური ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც „ღირსების მარშის“ აკრძალვას მოითხოვენ. მათ პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის მიერ ადრე დადგმული კარვები დაარბიეს. იერიში მიიტანეს ასევე მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისზე, სადაც აქციის მონაწილეები აივნიდან შეიჭრნენ. მათ ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა დროშები ჩამოხსნეს, დახიეს, აივნიდან გადმოყარეს და დაწვეს. ასევე ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს შენობას. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
„ძალადობა მიუღებელია! ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს და ძალადობის ნებისმიერი სახითა და ფორმით გამოვლინებას, ადამიანების დევნას განსხვავებული აზრის, ან გენდერული იდენტობის გამო. ყველას აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
„თბილისი პრაიდი“ ჩაიშალა: არიან დაკავებულები და დაშავებულები
გარდა ამისა, დღეს რამდენიმე ჟურნალისტი „თბილისი პრაიდის“ აგრესიული მოწინააღმდეგეების მხრიდან ძალადობის სამიზნე გახდა. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს ბოთლები და ჯოხები დაუშინეს. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, დაშავდა დაახლოებით 15 ჟურნალისტი. ამჟამად საინფორმაციო საშუალებების რამდენიმე წარმომადგენელი კლინიკაშია გადაყვანილი.
სალომე ზურაბიშვილი მოუწიდებს ყველას, იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში და რადიკალური ქმედებებით ხელი არ შეუწყონ ძალადობის პროვოცირებას.
„მიუღებელია მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებში შეჭრა და მათზე თავდასხმები. მოვუწოდებ ყველას თავშეკავებისკენ, ხოლო შესაბამის ორგანოებს – საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების აღკვეთისაკენ!“ – აღნიშნულია განცხადებაში.
„თბილისი პრაიდი": „ღირსების მარში" აღარ გაიმართება
პრეზიდენტის განცხადებით, ასევე მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის" გადაწყვეტილებით, დღეს დაგეგმილი „ღირსების მარში" აღარ გაიმართება. როგორც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, ორგანიზაციის წევრები საფრთხის წინაშე იმყოფებიან, აგრესიის საშიშროების წინაშე არიან ასევე ლგბტ–თემის მხარდამჭერები, მასმედიის წარმომადგენლებზე კი გამოცხადებულია „ნადირობა“.