თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა, ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს.
დღეს 12:00 საათზე პორტალზე https://booking.moh.gov.ge ვაქცინა Sinopharm-ზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პორტალი დილიდან არ მუშაობდა. ასევე ამ დრომდე არ განახლებულა მონაცემები პორტალ stopcov.ge-ზე, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ მონაცემებს ყოველდღე აქვეყნებს.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და რამდენიმე საათში უნდა აღმოიფხვრას პორტალზე არსებული პრობლემა.
„ჩვენი ინფორმაციით, შეფერხება გამოიწვია კიბერშეტევამ, რის შესახებაც ჩვენთვის ამ დილით გახდა ცნობილი. მასობრივი კიბერშეტევის გამო შეფერხდა საიტის პორტალის მუშაობა. ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და რამდენიმე საათში უნდა მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა. როგორც კი გვექნება დაზუსტებული ინფორმაცია, რომ საიტის გამართულობა აღდგენილია, მაშინვე დავაანონსებთ რეგისტრაციის დაწყებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება პორტალ stopcov.ge-ს, გაბუნია აცხადებს, რომ აქაც იგივე პრობლემაა.
საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის 1 მილიონი დოზა ვაქცინა პარასკევს მიიღო. მთავრობა აცხადებს, რომ ერთი თვის შემდეგ ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატების დამატებითი 500 ათასი დოზა შემოვა. ხელისუფლების გეგმებშია ყოველდღიურად 20–25 ათასი ადამიანისთვის აცრის ჩატარება.
დღეს Sinopharm-ზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, ხოლო 5 ივლისიდან მთავრობა მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს.