მთავრობის გეგმა: შემოსავლებმა ღვინის ექსპორტიდან მილიარდ დოლარს უნდა გადააჭარბოს

ხელისუფლება სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიის გაძლიერებას გეგმავს, რაც ქართული ალკოჰოლური სასმელების რეალიზების მასშტაბებს გაზრდის.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველო 2030 წლისთვის ღვინისა და სხვა სპირტიანი სასმელების ექსპორტით 1 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ქართული ღვინის ექსპორტი კვლავ იზრდება
მთავრობის მომდევნო 10 წლის გეგმაშია ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება. ასევე იგეგმება მარკეტინგული კამპანიების გაძლიერება სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე, რაც ქართული ალკოჰოლური სასმელების რეალიზების მასშტაბების გაზრდას დაეხმარება.
დავითაშვილის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს ბაზრების დივერსიფიკაციას – აითვისებს სამხრეთ კორეის, კანადის, სკანდინავიის ქვეყნების და სხვა მიმართულებებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველომ 2021 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ექსპორტზე მსოფლიოს 55 ქვეყანაში გაიტანა 36,4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 2020 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 82,4 მლნ აშშ დოლარია – ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 8%-ს მიაღწია. ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობას რუსეთი ინარჩუნებს.
ლონდონში ქართულმა ღვინომ ბრიტანელი ექსპერტების საუკეთესო შეფასება მიიღო
ბაზრების დივერსიფიკაციის პროგრამის ფარგლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოს 2012 წლიდან ქართულ ღვინო გააქვს სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე: აშშ, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, იაპონია, გერმანია. ქართული ღვინო წარდგენილი იყო ყველა დიდ საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე მთელ მსოფლიოში.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქართული ღვინის ხელშეწყობისთვის გამოყოფილი თანხა 2012 წლიდან 1,5 მლნ ლარიდან 9 მლნ ლარამდე გაიზარდა. შედეგად 2012 წლიდან ქართული ღვინის ექსპორტი დაახლოებით 300%-ით გაიზარდა. 2012 წელს 43 ქვეყანაში ექსპორტზე გატანილი იყო 23 მლნ ბოთლი ღვინო. 2020 წლის მონაცემებით კი საქართველომ მსოფლიოს 60 ქვეყანაში 92,4 მლნ ბოთლი ღვინო გაიტანა.