თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატები" „ღირსების მარშს" უერთდება და ლგბტ თემს საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) 1-5 ივლისს პრაიდ-კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ღონისძიებები და თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის" ჩატარება. მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად".
პოლიტიკური პარტია მიუღებლად მიიჩნევს ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დაყოფასა და საზოგადოების არათანაბარ წევრებად წარმოჩინებას.
„ჩვენ თუ გვინდა შევდგეთ როგორც სახელმწიფო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა თანაბრად იგრძნოს თავი დაცულად და თვითრეალიზებულად ამ ქვეყანაში", – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას კანონი და უზრუნველყოს ყველა ღონისძიების მშვიდობით ჩატარება.
„ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეები აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლას აპირებენ. კონტრაქციის მონაწილეებს წინა დღეს, 4 ივლისს რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა სურთ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კონსერვატიული პარტია „ერის" დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ ხელისუფლებას „გარყვნილების პროპაგანდის" ამკრძალავი კანონის მიღება მოსთხოვა.
ლგბტ ორგანიზაციების ღონისძიებების წინააღმდეგ ღიად გამოდის საქართველოს საპატრიარქოც.
პრაიდი ლგბტ კულტურის ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. 2013 წლის 17 მაისს საქართველოში ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს. მათი ქმედებების შედეგად დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა. იმ დროიდან ლგბტ-თემის დამცველების აქციები პოლიციის ძლიერი დაცვით იმართება.