ამბროლაურის საკრებულოს წევრს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე მაშინ დააკავეს, როცა მან მოქალაქეს მოთხოვნილი 140 ათასი დოლარიდან 30 ათასი დოლარი გამოართვა.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ დაკავებულ ამბროლაურის საკრებულოს წევრ გივი ქურციკიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, იუწყება „პირველი არხი“.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გუშინ ღამით დააკავეს.

ამბროლაურის საკრებულოს წევრი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ბრალის წარდგენის პროცედურა მოდულის შენობაში ცოტა ხნის დასრულდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბრალდებული მის მიმართ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დეპუტატმა დაარწმუნა ერთ-ერთი მოქალაქე, რომ კავშირი აქვს თბილისის მერიასთან და მოაგვარებს დედაქალაქში მიწის ნაკვეთის კოეფიციენტის გაზრდის საკითხს. ამ საქმის მოსაგვარებლად მან 140 ათასი დოლარი მოითხოვა.

ეჭვმიტანილი 29 ივნისს დააკავეს, როდესაც ის თანხის ნაწილს – 30 ათას დოლარს იღებდა.

გამოძიებას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. სასჯელი 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.