თბილისში კიდევ ერთი მეწყერსაშიში ადგილი გაჩნდა: ლისი-მუხათწყაროს გზა გადაკეტილია

დილიდან ადგილზე  მუშაობდნენ გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები და ასევე სამხარაულის ბიუროს ექსპერტები.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზა ამ დროისთვის დაკეტილია, იუწყება „პირველი არხი“.

მეწყრული პროცესები სოფელ მსხალდიდის მონაკვეთზე დღეს დილიდან გააქტიურდა. ადგილზე ბეტონის ჯებირებია მიტანილი, მობილიზებულია პოლიცია.

როდის აღდგება ვაშლიჯვრის გზაზე მოძრაობა – თბილისის მერის მოადგილის განმარტება

მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის, დავით ნოზაძის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები და ასევე ლევან სამხარაულის ბიუროს ექსპერტები მუშაობენ, რათა მეწყრული პროცესის გააქტიურების გამომწვევი მიზეზები დადგინდეს.

„გეოლოგების დასკვნის შემდეგ  სამშენებლო კომპანიის სპეციალისტები, რომლებმაც აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა განახორციელეს, შეისწავლიან გზას და მომზადდება საინჟინრო პროექტი, რა იქნება გასაკეთებელი. ამის შემდეგ დაიწყება გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია“, – განაცხადა  ნოზაძემ.

სტიქიური ზონის შესახებ გეოლოგების დასკვნა, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

გაზაფხულზე თბილისში სერიოზული მეწყერსაშიში ზონა გაჩნდა. 15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრების სამუშაოები.

მერიაში აცხადებენ, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, 2 თვეში აღდგება.