როდის აღდგება ვაშლიჯვრის გზაზე მოძრაობა – თბილისის მერის მოადგილის განმარტება

© Sputnik / Vladimir Umikashviliვაშლიჯვარი
ვაშლიჯვარი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოწერა
თბილისის მერია ელოდება ექსპერტულ პროექტს, რომლის მიხედვით დაიწყება მეორე ეტაპის სამუშაოები. ორმხრივი მოძრაობა მეწყრული პროცესების სრული სტაბილიზაციის შემდეგ აღდგება.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, 2,5 თვეში აღდგება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა . მეწყრული ზონა ვაშლიჯვარში - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
„გულზე მომეშვა“: გერმანელი გეოლოგი მეწყრულ ზონაზე თბილისში

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრების სამუშაოები.

ბენდელიანის განმარტებით, ქალაქის ხელისუფლებამ უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით წარმატებით შეასრულა მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებითი სამუშაოების პირველი ეტაპი და მოსახლეობას არანაირი საფრთხე აღარ ემუქრება. აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით სამუშაოების მეორე ეტაპი ექსპერტული პროექტის შესაბამისად განხორციელდება, დაძინა მან.

„რამდენიმე დღეში ველოდებით დეტალურ პროექტს, რომლის მიხედვითაც დაიწყება მეორე ეტაპის სამუშაოები... ბუნებრივია, ჩვენც გვეჩქარება საავტომობილო მოძრაობის აღდგენა, თუმცა, პირველ რიგში, აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ იგი გადაადგილებისთვის უსაფრთხო იქნება", – განაცხადა ბენდელიანმა.

მეწყრული პროცესების გააქტიურების შემდეგ თბილისის მერიამ მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე დაამონტაჟა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს მეწყრულ პროცესებზე ზუსტი ინფორმაციის მიღებას.

მერიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად ამჟამად მეწყრული პროცესების განვითარების რისკი შემცირებულია.

ყველა ახალი ამბავი
0