თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების პირველი ოფიციალური რაუნდი გაიმართა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
საინვესტიციო შეთანხმებასთან დაკავშირებით მხარეების პირველი კონსულტაციები სეულში 2019 წლის დეკემბერში გაიმართა.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის, ხელს შეუწყობს კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებასა და ორივე სახელმწიფოს კეთილდღეობას", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.
არველაძე ქართული მხრიდან მოლაპარაკებების ჯგუფს ხელმძღვანელობს. მისი თქმით, კორეა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენთვის, რომელთანაც ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით დიდი პოტენციალია. ბოლო წლებში კორეელი ინვესტორები სულ უფრო დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, აღნიშნა მან.
შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს მხარეთა დავის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებასა და ინვესტიციების სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
პირველი ინვესტიციები კორეიდან საქართველოში 1997 წელს განხორციელდა. მას შემდეგ ინვესტიციების საერთო მოცულობამ 204.32 მლნ დოლარი შეადგინა (2020 წლის ჩათვლით).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყნებს შორის საქონელბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარი–მაისში 31.1 მლნ დოლარი შეადგინა.