თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება – იგეგმება 16 წელს ზემოთ მოზარდების აცრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
ეპიდემიოლოგები სამედიცინო საბჭოსთვის რეკომენდაციით მიმართვას აპირებენ, რომ Pfizer–ით ვაქცინაციის პროცესში 16 წელს ზემოთ მოზარდები ჩაერთონ. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ Pfizer–ის პრეპარატის ინსტრუქციით, ამ ვაქცინით 16 წელს ზემოთ პირთა აცრაც შეიძლება.
„რამდენიმე ქვეყანამ Pfizer–ით აცრები დაიწყო 12-დან 15 წლამდე ბავშვებშიც – შტატებმა, კანადამ, ისრაელმა, ბრიტანეთმა, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ Pfizer–ის საკმარისი დოზები გვექნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მან აღნიშნა, რომ ორი სხვადასხვა კომპანიის პრეპარატებით აცრა ჯანმრთელობას არ ვნებს და მსოფლიოში უკვე აქტიურად იყენებენ ვაქცინაციის ასეთ, ე.წ. შერეულ მეთოდს.
გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველა კვლევა მიუთითებს, რომ ვაქცინების შეცვლა მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ ეს ჯანმრთელობისთვის საზიანო არაა.
„დღეს აქტიურად ხდება სხვადასხვა ვაქცინის ჩანაცვლება. ანგელა მერკელი AstraZeneca–თი აიცრა, მეორე კი Moderna იყო... გვაქვს შემთხვევა, როდესაც ადამიანმა თავისი სურვილით გაიკეთა ვაქცინა, მეორე ვაქცინა კი სხვა დასახელების იყო. არის ასეთი შემთხვევა და ჯანმრთელობას არ ავნებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარე წლის 15 მარტს დაიწყო. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამა 18 წელს ზემოთ პირებს მოიცავს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში აიცრა 248.545 ადამიანი, აქედან ორივე დოზით – 90.870.
ივლისიდან თანდათანობით მასობრივ ვაქცინაციაზე გადასვლა იგეგმება. ეპიდემიოლოგების გათვლებით, აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი 20 ათასამდე უნდა ავიდეს, რათა დასახულ მიზანს – მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაციას მივაღწიოთ.
საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს პრეპარატებით Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac. შემოდგომაზე კი, სავარაუდოდ, Novovax და Jonson&Jonson შემოვა.