თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. პარლამენტმა 78 ხმით 22-ის წინააღმდეგ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც პანდემიის გამო შეზღუდვების დაწესება მთავრობას 2022 წლის 1 იანვრამდე შეუძლია.
ცვლილებები 2020 წლის 22 მაისს ამოქმედდა და მათ საფუძველზე მთავრობამ მიიღო უფლება – კორონავირუსის პანდემიის გამო დააწესოს სხვადასხვა შეზღუდვა ისე, რომ ქვეყანაში არ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა.
თავად ცვლილებები დროებით არის შემოღებული. თავდაპირველად მათი მოქმედების ვადა 2020 წლის 15 ივლისამდე განისაზღვრა, მაგრამ ეპიდვითარების გამო ცვლილებები ორჯერ გახანგრძლივდა - 2021 წლის 1 იანვრამდე და 2021 წლის 1 ივლისამდე.
„ცვლილების მიზანია 2021 წლის 1 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს უკვე არსებული ის სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად მართვას ემსახურება“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ.
ცვლილებების საფუძველზე მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის შესახებ“, რომელიც არეგულირებს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს – საქართველოში ტურისტების შემოსვლით დაწყებული, ქორწილების ჩატარებითა და პირბადის ტარებით დამთავრებული.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღეისათვის ქვეყანაში 360.055 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის მაჩვენებელმა ბოლო 14 დღეში 2,43% შეადგინა.
ეპიდემიოლოგების თქმით, საქართველოში კორონავირუსის პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც მოსახლეობის 70% აიცრება. დღეისათვის აცრა ჩაიტარა 238.220 ადამიანმა.