თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „წარმატებისთვისაა განწირული“ და ერთობლივი ძალებით ჩვენ შევძლებთ შთამბეჭდავ შედეგებს მივაღწიოთ, განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებზე მხარეებმა საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებაზე.
„ჩვენ განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები. შევთანხმდით, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით გააქტიურება. უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც (პარტნიორების) ტოპ-ათეულში შედის და ჩვენ დღეს დავისახეთ ამოცანა, რომ გავაორმაგოთ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ასევე აუცილებელია გააქტიურება ტრანსპორტის, ლოჯისტიკისა და სხვადასხვა პროექტების მიმართულებით.
„მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ბევრი ტურისტი გვყავს უკრაინიდან და ყოველთვის მოხარული ვიქნებით მეტი უკრაინელი ტურისტის მიღებით საქართველოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს ყველა მექანიზმი, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები.
„ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა შევაჯამო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა: ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველა მექანიზმი და ძლიერი ფუნდამენტი იმისთვის, რომ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენ შორის არსებული ისედაც ძლიერი ურთიერთობები, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და პარტნიორობა. კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი ჩემს კოლეგას, ჩემს მეგობარს ჩამობრძანებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ყველა სფეროში ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
დენის შმიგალმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებები იქნება იმპულსი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, ერთობლივი საინვესტიციო, ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური პროექტების განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს კოორდინაციის გაძლიერებას ტურიზმის სფეროში და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა ორმხრივი ვაჭრობის დინამიკაზე და 2020 წელს საქონელბრუნვა შემცირდა 15.6%-ით. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ პირველი კვარტლის მონაცემებით იგი 4%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანია. ამ ნეგატიური ტენდენციების დასაძლევად ჩვენ შევთანხმდით წლის ბოლოს ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათშორისი კომისიის მეათე სხდომა ჩატარდეს“, – განაცხადა შმიგალმა.
უახლოეს მომავალში ასევე გაიმართება ტრანსპორტის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფების შეხვედრები.
„საქართველოსა და უკრაინას ძალზე მნიშვნელოვანი ტრანზიტული პოტენციალი აქვთ და ამიტომაც ჩვენ შევთანხმდით, რომ დიდ ყურადღებას დავუთმობთ საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნების განვითარებას და სატვირთო გადაზიდვებს შავ ზღვაზე, საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, გლობალური გამოწვევების პირობებში, რაც, პირველ რიგში, კორონავირუსთანაა დაკავშირებული, საქართველოში მისი ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
„ვხედავთ, რომ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობები უფრო დიდ იმპულსს იძენს. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი სიგნალი ჩვენი ქვეყნების ბიზნესისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის. უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით“, – განაცხადა შმიგალმა.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრემიერმა შეხვედრა გამართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან.
საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. იმ დროიდან ქვეყნებს შორის 105 ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმება გაფორმდა. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს.